„საქსტატი“ - წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წელს 1 267.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წელს 1 267.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0.2 პროცენტით მეტია 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს, 2019 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.3 პროცენტი შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: გაერთიანებული სამეფო, თურქეთი, ირლანდია, აშშ, პანამა, ნიდერლანდი, რუსეთი, ჩინეთი, იაპონია.

„სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2019 წლის წინასწარი მონაცემებით, 48.7 პროცენტი შეადგინა.

პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 19.5 პროცენტით, მეორეზე - თურქეთი 18.7 პროცენტით, ხოლო მესამეზე - ირლანდია 10.5 პროცენტით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2019 წელს 48.4 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 261.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 20.6 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 193.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სასტუმროების და რესტორნების სექტორი, 157.5 მლნ. აშშ დოლარით“, - აცხადებენ „საქსტატში“.

რაც შეეხება 2019 წლის IV კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას, წინასწარი მონაცემებით, 347.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის IV კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე ორჯერ მეტია.

„2019 წლის IV კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურას გვიჩვენებს სტრუქტურული დიაგრამა №2, რომლის მიხედვით პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 36.1 პროცენტით, მეორე ადგილზეა თურქეთი - 22.2 პროცენტით, ხოლო მესამეზე ნიდერლანდი - 13.9 პროცენტით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2019 წლის IV კვარტალში 66.1 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 138.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.8 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობის სექტორი 49.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - უძრავი ქონების სექტორი 41.6 მლნ. აშშ დოლარით“, - აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, მონაცემების კორექტირება ხორციელდება საქსტატის მიერ შემუშავებული სტატისტიკური ინფორმაციის გადასინჯვის პოლიტიკის შესაბამისად (რეგულარული გადასინჯვის პრინციპის საფუძველზე) რესპონდენტების/ადმინისტრაციული წყაროების მიერ მონაცემების დაზუსტების შედეგად.

2018 წლის მარტიდან (სსფ-ის რეკომენდაციის შესაბამისად) საქსტატმა დაიწყო საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკის გამოქვეყნება ინტეგრირებული ფორმატით, რაც საშუალებას აძლევს ეკონომიკურ სუბიექტებს, რეგულარულად მიაწოდონ საქსტატს დაზუსტებული ინფორმაცია. საქსტატი, თავის მხრივ, იყენებს აღნიშნულ შესაძლებლობას და მუდმივად ახორციელებს მონაცემთა განახლებას სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხის ამაღლების მიზნით.

2019 წლის დაზუსტებული მონაცემები 2020 წლის 17 აგვისტოს გამოქვეყნდება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს წინა პერიოდების მონაცემების ცვლილება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო