„ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე, ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

„ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე, ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. ამის მიზეზი მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილის მხარის სასამართლო პროცესზე არ გამოცხადება გახდა. პროკურორის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუ მსჯავრდებული არის ძებნილი, მას სავალდებულო წესით უნდა დაენიშნოს ადვოკატი.

სააპელაციო სასამართლომ კი პროკურატურის აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ზურაბ ადეიშვილს სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატი დაენიშნება და სწორედ ამის შემდეგ გაგრძელდება საქმის განხილვა.

„დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაიწყო სისხლის სამართლის საქმის განხილვა მსჯავრდებულების ზურაბ ადეიშვილისა და ნიკანორ მელიას მიმართ. მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლო იხილავს ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრებს, რომლის თანახმადაც ნიკანორ მელიას მხარე ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ხოლო ბრალდების მხარე ვითხოვთ ნიკანორ მელიას გამტყუნებას 205-ე პრიმა მუხლით, რაც ნიშნავს ქონების გადამალვაში დახმარებას. შესაბამისად დღევანდელ სასამართლო პროცესზე განვიხილეთ პროცედურული საკითხები. ვინაიდან ზურაბ ადეიშვილის მხარე არ გამოცხადდა სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ამ შემთხვევაში თუ მსჯავრდებული არის ძებნილი მას სავალდებულო წესით უნდა დაენიშნოს ადვოკატი. ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ ზურაბ ადეიშვილს დაენიშნა ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე და ამის შემდეგ გაგრძელდება მომავალ პროცესზე საქმის განხილვა", - განაცხადა საქმის პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა.

ელიზბარ გოზალიშვილის განმარტებით, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც საქმეში ნიკანორ მელიას ბრალეულობას ადასტურებს.

„საქმეში არის მტკიცებულებები, როგორც მოწმეების ჩვენებები ასევე ამოღებული დოკუმენტაცია, რომლებიც ადასტურებს ნიკანორ მელიას მიერ, როგორც 332-ე მუხლის სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ჩადენას, ასევე ქონების გადამალვაში დახმარებასაც",- აღნიშნა გოზალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბანკი „ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულების ზურაბ ადეიშვილისა და ნიკა მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2019 წლის 2 დეკემბერს გამოიტანა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელია საწარმოში და სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვაში დახმარება მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით, მოსალოდნელი და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ბრალდების ნაწილში უდანაშაულოდ ცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ხოლო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაში ნიკა მელია გამტყუნდა და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 25 000 ლარის ოდენობით. მასვე, „ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი თანამდებობის დაკავების უფლება შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ, 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

ზურაბ ადეიშვილისა და ნიკანორ მელიას სასამართლო პროცესი, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 30 აპრილს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო