ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ თუ 2020 წლის არჩევნებზე, ბლოკები იქნა დაშვებული, გამორიცხული არ არის "ნაციონალური მოძრაობა" ბლოკის სახით ვიხილოთ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
“თუ ბლოკები არ იქნა დაშვებული, მაინც შესაძლებელია ბლოკის მსგავსი ფორმით გაერთიანება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ბლოკების საკითხთან დაკავშირებით დანარჩენი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის აზრს დათანხდება.
„ბლოკებზე იქნება ისეთი ჩანაწერი, რასაც პარტიების უმრავლესობა გადაწყვეტს, რასაც გადაწყვეტენ დავემორჩილებით ჩვენც, მიუხედავად იმისა, რომ მსხვილ პარტიებს შესაძლებელია, რომ არავითარი პრობლემა არ ჰქონდეს არჩევნების ბლოკებით თუ ბლოკების გარეშე ჩატარების. ჩვენ, როგორც გაერთიანებული ოპოზიცია ერთი მაგიდის ირგვლივ მსხდომი, გავითვალისწინებთ პარტიების უმრავლესობის პოზიციას და ასე ვიმოქმედებთ ბლოკებთან დაკავშირებით. როგორც გადაწყვეტს პარტიების უმრავლესობა, დავეთანხმებით", - განაცხადა გოცირიძემ.