ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული პროკურორის ადვოკატის განცხადებით, ბრალი თაღლითობით უნდა გადაკვალიფიცირდეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული პროკურორის, დავით შაკიაშვილის ადვოკატის, ემზარ საბანაძის განცხადებით, პროკურორისთვის წაყენებული ბრალი თაღლითობით გადაკვალიფიცირდება.

აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა. ადვოკატის მტკიცებით, პროკურორს ქრთამი არ აუღია, ფულის აღების ფაქტი კი შესაძლოა, თაღლითობად ჩაითვალოს.

„დაკავებულს სახელმწიფო ბრალდება ქრთამის აღებას თავისი ავტორიტეტის გამოყენებით ედავება, რაც უსაფუძვლოა, საქმის მასალებით ეს არ ფიქსირდება. ქრთამის შემთხვევაში, თუკი ეს ავტორიტეტის გამოყენებითაა, პირთა წრე უნდა იყოს, ან ზემდგომი პირი უნდა იყოს დასახელებული.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. დაკავებულმა შეცდომა არა უშუალოდ ქრთამის ნაწილში აღიარა, არამედ იმ ქმედებაში, რაც მან განახორციელა, ვგულისხმობ თანხის აღებას. დიდი ალბათობით, ეს არის თაღლითობა. ვინ რა ითაღლითა, არ ვიცით, მაგრამ საქმის მასალებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, აღნიშნული სისხლის სამართლის მუხლი თაღლითობით გადაკვალიფიცრდება, რომელიც ითვალისწინებს როგორც ჯარიმას, ისე სასჯელს 6-დან 9 წლამდე. კადრში შეიძლება თანხის აღება ჩანდეს, მაგრამ აღნიშნული თანხა ქრთამი არის თუ არა, ეს დასადგენია“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, პროკურორმა დავით შაკიაშვილმა ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი 50 000 ლარის ოდენობით. ამასთან, პროკურორმა ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს არ გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება. ბრალდებულის ოჯახის წევრი დათანხმდა პროკურორის მოთხოვნას და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით შაკიაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით გამოართვა მთლიანობაში 20 000 ლარი. ქრთამის აღების დროს პროკურორი საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო