„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ისრაელის ახლად დანიშნულ ელჩთან რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. დიალოგი თბილ და საქმიან გარემოში წარიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოდან" აცნობეს.
მათი ინფორმაციით, საუბრის დასაწყისშივე ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოებს შორის არსებულ კეთილგანწობასა და მრავალსაუკუნოვან მეგობრობას.
„რან გიდორმა აღნიშნა, რომ ის აქტიურად აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ხაზი გაუსვა ოპოზიციისა და ხელისუფლების საბოლოო შეთანხმებას. მათ ისაუბრეს „ერთიანი საქართველოს“ საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ხედვებზე.
როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, მისთვის საინტერესო იყო ისრაელის ელჩისგან მოესმინა იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც ისრაელს აქვს, როგორც საპრლამენტო რესპუბლიკას, კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით.
ნინო ბურჯანაძემ ასევე ისაუბრა ისრაელში მცხოვრები არალეგალური ემიგრანტების შესახებ და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, იმ ქართველების უფლებების დაცვის აუცილებლობას, რომლებიც სამუშაოს საძიებლად ისრაელში იმყოფებიან.
ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ ებრაელი ხალხის დამოკიდებულება ქართველი ემიგრანტების მიმართ იქნება ისეთივე თბილი და მეგობრული, როგორც ამ ორ სახელმწიფოს ყოველთვის ახასიათებდა“,-ნათქვამია ინფორმაციაში.