გიგა ბოკერია - სენატორ რიშის და საქართველოს მეგობრების ინტერესი პრაგმატულია, რომ ქვეყენაში ვითარება ნორმალურობისკენ წავიდეს, მოწოდებაც ამისკენაა

სენატორ რიშის და ყველა ამ ტიპის საქართველოს მეგობრის ინტერესი პრაგმატულია, რომ საქართველოში ვითარება ნორმალურობისკენ წავიდეს, მოწოდებაც ამისკენაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

აღნიშნულით გიგა ბოკერია სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშის წერილს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, რიში მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება.

„სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე სენატორი ჯიმ რიში საქართველოს დიდი ხნის მეგობარია, რომელსაც საქართველოს წარმატების ფუნდამენტური ინტერესი აქვს, იმისთვის, რომ საქართველო სუვერენული, დემოკრატიული, ძლიერი ქვეყანა იყოს. ბუნებრივია, ის და საქართველოს სხვა მეგობრები შეშფოთებული იყვნენ იმ ტრაექტორიით, რა გზაზეც ივანიშვილმა ქვეყანა დააყენა. ამიტომ გამოხატავდნენ ძალიან მკაფიოდ თავიანთ შეშფოთებას. ახლა როცა ეს შეთანხმება შედგა, ეს საქართველოს ყველა მეგობრისთვის იყო კარგი ამბავი, იმიტომ, რომ საქართველოსთვის არის კარგი ამბავი, ოღონდ თუ ეს შეთანხმება შესრულდება და იმედი მაქვს, შესრულდება. ამიტომ სენატორ რიშის და ყველა ამ ტიპის საქართველოს მეგობრის წერილი ამ სულისკვეთებისაა, მისი ინტერესი პრაგმატულია, რომ აქ ვითარება ნორმალურობისკენ წავიდეს და სწორედ ამისკენ არის მოწოდება.

ყველამ იცის, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების და რეპრესიების შეჩერების გარეშე ვერ იქნება ნორმალური ვითარება. ეს არის მოწოდების არსი, ამიტომ აქვს მას ასე მკაფიოდ ნათქვამი, რომ ელის სწრაფად ამ საკითხის გადაჭრას. ყველამ იცის, რომ 2 კომპონენტი იყო, რაც ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი იყო და ჩვენი აზრით, საზოგადოებისთვის - საარჩევნო სისტემაზე გონივრული კომპრომისი და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რეპრესიების შეწყვეტა. ამ ორივე კომპონენტზე შეთანხმება შედგა, რა ფორმით მოხდება, ვინ რას იტყყვის, მნიშვნელობა არ აქვს არავისთვის, მთავარია რა მოხდება. საზოგადოებისთვის იმას აქვს მნიშვნელობა რა მოხდება და საქართველოს მეგობრებისთვისაც იმას აქვს მნიშვნელობა, რა მოხდება“, - განაცხადა ბოკერიამ.

აშშ-ის სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საქართველოს მმართველ უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას მიესალმებიან და იმედოვნებენ, რომ მისი იმპლემენტაცია მოხდება.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველა მონაწილემ შეთანხმებას მიაღწია და ველით, რომ მომავალი კვირების და თვეების მანძილზე მისი იმპლემენტაცია მოხდება. მიმდინარე წლის დასაწყისში, მე და სენატორმა შაჰინმა პრემიერ გახარიას მივწერეთ, რათა ჩვენი შეშფოთება გამოგვეთქვა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და საქართველოს მთავრობას რჩევა მივეცით შეეჩერებინათ ქვეყნის უკუსვლა დემოკრატიის გზაზე. მიხარია აღვნიშნო, რომ ეს შეთანხმება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია დემოკრატიის და კარგი მმართველობისკენ.მაშინ, როდესაც საქართველო საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, უმნიშვნელოვანესია, რომ ცვლილებები სწრაფად განხორციელდეს“,-ნათქვამია ჯიმ რიშის განცხადებაში. ამასთან, რიში იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მოტივით დაკავებულებს მალე გაათავისუფლებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა