ზურაბ ჭიაბერაშვილი - კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის მხოლოდ მედიკოსების ხელში დატოვება საბჭოთა აზროვნების ტიპური ნიმუშია, კრიზისი მოითხოვს მართვას და ეს მთავრობის საქმეა

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის მხოლოდ მედიკოსების (დიდი მადლობა და პატივისცემა მათ!) ხელში დატოვება საბჭოთა აზროვნების ტიპური ნიმუშია. კრიზისი მოითხოვს მართვას და მართვა მთავრობის საქმეა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

ჭიაბერაშვილის თქმით, შეერთებულ შტატებში საკოორდინაციო შტაბს ხელმძღვანელობს და ბრიფინგებს ატარებს ვიცე-პრეზიდენტი და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის აღწერა და სამედიცინო სექტორის პროფესიული რჩევები ამ ბრიფინგების მხოლოდ ერთი ნაწილია.

„საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის აღწერაში და ბრიფინგების დონეზე სამედიცინო სექტორის პროფესიული რჩევებში პრობლემა ნაკლებად გვაქვს. თუმცა ვისურვებდი, რომ მთელ სამედიცინო სექტორს - არა მხოლოდ ამჟამად 23 ინფიცირებულის მოვლაში ჩართულ ექიმებსა და ექთნებს, არამედ ოჯახის ექიმებსა და ამბულატორიებს, ჰოსპიტალურ სექტორიდან განსაკუთრებით რეანიმატოლოგებს, შშმ პირებისთვის მისაწოდებელ სერვისებში ჩართულ მედიკოსებსა და სოციალურ მუშაკებს და ა.შ. - მიეცეთ ქართულად დაწერილი დეტალური ინსტრუქციები (არა CDC-ს და WHO-ს ბმულები მხოლოდ) და ეს ახლდებოდეს ყოველდღიურად. მესმის, რომ თავად მსოფლიო ახლა „სწავლობს“ ამ ვირუსს, მაგრამ ექიმებს ქვეყნის მასშტაბით მეტი ინფორმაცია სჭირდებათ. სადაც ყველაზე დიდ პრობლემას ვხედავ, ესაა ჯანდაცვის სისტემის მობილიზება და კოორდინაცია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და მთავრობის პასუხი ეკონომიკურ ზარალზე. ამიტომ მოგაწვდით ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისა და მისი საკოორდინაციო ჯგუფის წუხანდელი ბრიფინგის არასამედიცინო ნაწილის მოკლე რეზუმეს, რომ დაინახოთ, რამდენად ბევრი რამაა გასაკეთებლი და რამდენადა არაფერი ვიცით ამის თაობაზე საქართველოს მთავრობისაგან:

ტრამპის ადმინისტრაცია მოელაპარაკა სადაზღვევო ინდისტრიას, რომ - სამედიცინო მომსახურების მიღებისას თანაგადახდა არ შეეხოს კორონავირუსით ინფიცირებულ პირს. ეს უზარმაზარი ფინანსური ტვირთია და ამერიკის სადაზღვევო ინდუსტრია მზადაა, ეს ტვირთი აწიოს. კიხთვა: რა ხდება ჩვენთან? საყოველთაო ჯანდაცვის მონაწილეს, ვისაც ვირუსი დაუდგინდება და მოუწევს ხანგრძლივი მკურნალობა ჰოსპიტალში, ყველა ხარჯს დაუფარავს მთავრობა? შემთხვევევბი რომ მოიმატებს, ეს დიდ თანხებზე გავა. როგორ აპირებს მთავრობა ბიუჯეტის გადახედვას? - ტელემედიცინა ანუ არაფიზიკური კონტაქტით ექიმთან კონსულტაცია აანაზღაუროს. რა ხდება ჩვენთან?

ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე მიმართა კონგრესს, რომ მომზადდეს საგადასახადო შეღავათების პაკეტი, რათა უპასუხონ ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელ შეფერხებას და, შესაბამისად, სამუშაო ადგილების დაკარგვას. “ევროპულმა საქართველომ” ასეთი პაკეტი უკვე შევთავაზეთ მთავრობას. გამოხმაურება: ნული;

ტრამპის ადმინისტრაცია ასევე მოელაპარაკა ბიზნესს, რომ ქვეყანაში აღმოიფხვრას დეფიციტი - იქნება ეს პირბადეების, თუ დიაგნოსტიკისთვის საჭირო ტესტების. რა ხდება ჩვენთან?

ბრიფინგის მასალაში ხედავთ, რომ ცალკე ჯგუფია პასუხისმგებელი კარანტინში მოთავსებული პირების მდგომარეობაზე. წუხელ საქართველოში ჩამოყვანილი 200 ადამიანი კარანტინში მოათავსეს სხვადასხვა ადგილას. რა ვიცით მათი პირობების შესახებ? თუ ვიდეოებს რომ გამოაგზავნიან ჟურნალისტებთან, იმით უნდა გავიგოთ, რა პირობები დახვდათ კარანტინში?

დიდი მნიშვნელობა აქვს ცენტრალური მთავრობის კოორდინაციას ადგილობრივ მთავრობებთან. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორია საქართველოში მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების კომპეტენცია? კიდევ ერთხელ გავიმეორებ: საქართველოში მთავრობა, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტრო, ამოეფარა დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელებს. ჯერეჯერობით ეს უკანასკნელნი თავს ართმევენ საზოგადოების დამშვიდების “ოპერაციას”, მაგრამ კრიზისის მზარდი მასშტაბი მოითხოვს მთავრობის წინა ხაზზე გამოსვლას და ჩვენი მთავარი პრობლემაც აქაა. გვაქვს იმის იმედი, რომ ამ არაკომპეტენტურ, არაეფექტიან მთავრობას არ გამოეპარება ის მომენტი, როდესაც მთავრობამ მკაცრი საკარანტონო ზომები უნდა მიიღოს, რათა ჯანდაცვის სისტემის რესურსები არ ამოგვეწუროს? (იტალიამ დააგვიანა, როგორც ჩანს).

ამ მსოფლიო კრიზისს ვხვდებით არაკომპეტენტური, არაეფექტიანი მთავრობის ხელში, რომელმაც 8 წლის განმავლობაში ყველა რესურსი გამოჭამა, რომ ახლა უმტკივნეულად შეეძლოს ეკონომიკის ფისკალური სტიმულირება გადასახადების შემცირების გზით. მაგრამ ფისკალურ სტიმულირებას ალტერნატივა არ აქვს.

აქვე გავიმეორებ, „ევროპული საქართველოდან“ რა შევთავაზეთ მთავრობას: - საშემოსავლო გადასახდის 20%-დან 17%-მდე დაწევა - ქონების გადასახადის განახევრება - ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის 25%-ით შემცირება ეს ნაწილობრივ მაინც შეგვინარჩუნებს სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ფასების სტაბილურობას“,- წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა