ნიკა გვარამიამ კორონავირუსთან დაკავშირებით სხდომების გარკვეული პერიოდით გადადების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

„რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გავრცელებულ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით სასამართლოს სხდომების გარკვეული პერიოდით გადადების შუამდგომლობით მიმართა.

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, მისი შუამდგომლობის მიზანი ვირუსის გავრცელების თავიდან არიდებაა, ვინაიდან გვარამიას თქმით, სხდომაზე მყოფ პირებს სახლში მცირეწლოვანი შვილები, ოჯახის ხანდაზმული წევრები ჰყავთ და ის დარწმუნებული არ არის, რომ სასამართლოში ყოფნა უსაფრთხოა.

ნიკა გვარამიასა და დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ არ დააკმაყოფილა. როგორც მოსამართლემ განმარტა, ამ ეტაპზე კრიზისული ვითარება არ არის და სასამართლო მხოლოდ პრევენციული ღონისძიებებით შემოიფარგლება.

ჩხიკვაძის გადაწყვეტილებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დასაკითხი 2 პირი დაიკითხება. სავარაუდოდ, ორშაბათს განისაზღვრება შემდეგი სამუშაო გრაფიკი.

„არ მინდა პანიკა დავთესო. ამ ეტაპზე მხოლოდ პრევენციულ ღონისძიებებს ვიყენებთ. არ დაგიმალავთ, ამ კუთხით სასამართლოშიც არის მსჯელობა. ამ ეტაპისთვის კრიზისული ვითარება არ არის", - განაცხადა ჩხიკვაძემ.

მისივე განმარტებით, ამ თემასთან დაკავშირებით კორპორაციული მიდგომა უნდა იყოს და არა ცალკეული მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.

კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო