სკოლებში გაცდენილი გაკვეთილების ანაზღაურება შაბათ-კვირის, დამატებითი გაკვეთილების ან თემების გაერთიანების ხარჯზე მოხდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, 1-ელი აპრილის შემდეგ გაცდენილი საათები პედაგოგებმა მოსწავლეებს სხვადასხვა სისტემით უნდა აუნაზღაურონ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, შესაძლებელია სკოლამ გაკვეთილების ასანაზღაურებლად შაბათი და კვირა გამოიყენოს, შეიძლება ეს იყოს ძირითადი გაკვეთილების შემდეგ დამატებითი გაკვეთილები და ასევე, შეიძლება ეს იყოს გაკვეთილზევე გარკვეული თემების გაერთიანება.

უწყების ინფორმაციით, სამინისტრო განსაზღვრავს მეთოდს და უშუალოდ გეგმას, თუ რა ფორმით განახორციელებს სკოლა გაცდენილი საათების ანაზღაურებას, თითოეული სკოლა ინდივიდუალურად ჩამოაყალიბებს.

ამასთან, როგორც უწყებაში ამბობენ, სამინისტრო საჯარო სკოლებს 16 მარტს დაუგზავნის კონკრეტულ რეკომენდაციებს. შესაძლებელია ეს იყოს როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ვიდეორგოლების (ვიდეო-გიდის) საშუალებითაც.

„ეროვნული სასწავლო გეგმა მოდიფიცირების საშუალებას გვაძლევს. ჩვენ გავავრცელებთ რეკომენდაციებს, უშუალოდ სკოლა კი გადაწყვეტს, ეს რეკომენდაციები როგორ და რა ფორმით გაითვალისწინოს. შაბათ-კვირას ჩაატარებენ დამატებით გაკვეთილებს თუ როგორ, ეს სკოლამ ინდივიდუალურად უნდა მოარგოს თავის საჭიროებებს, რა თქმა უნდა, ჩვენი რეკომენდაციების საფუძველზე. 16 მარტს კი პუნქტებად ჩამოწერილი რეკომენდაციები დაეგზავნება სკოლებს, როგორ უნდა მოიქცნენ 1-ელი აპრილის შემდეგ. როგორ შეუძლიათ გააერთიანონ თემები, მოდულები და ა.შ. სამინისტრო აძლევს სკოლას რეკომენდაციას - გადააწყვე სასწავლო პროცესი იმგვარად, რომ მოასწრო დროში ჩატევა. თუ სკოლა მეუბნება, რომ მე ამისთვის მჭირდება შაბათი და კვირა, არაა პრობლემა. თუ სკოლა მეუბნება, რომ მყავს 4 ბავშვი და არ მჭირდება შაბათ-კვირა და გავუხანგრძლივებ დღეს, აქაც ინდივიდუალურად გადაწყდება. ასევე, თემების გაერთიანებაც შეიძლება განიხილონ. შეიძლება ვიდეო- გიდის საშუალებით იყოს ეს რეკომენდაციები მიწოდებული, შეიძლება წერილობითი. ჯერჯერობით, ეს ეხება პირველი აპრილის შემდგომ პერიოდს. თუ კიდევ გახანგრძლივდა, შემდეგ მოვერგებით სიტუაციას. ჩვენ უბრალოდ მივცემთ რკეომენდაციებს, როგორ შეიძლება მოხდეს ამ ეროვნული სასწავლო გეგმის ისე მოდიფიცირება, რომ მთავარი მიზანი დაძლეული იყოს,“ - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციის გამო, იმ შემთხვევაში თუ 1-ელ აპრილს სასწავლო პროცესი აღდგება, გაცდენილი გამოდის 16 სასწავლო დღე.

„არდადეგების პერიოდში კი პედაგოგმა მოსწავლეებს სხვადასხვა რესურსი და კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა უნდა მიაწოდონ იმისთვის, რომ ეს ორი კვირა ბავშვები არ ისხდნენ სახლში და სახალისო დავალებები ჰქონდეთ. შეიძლება ეს მიეწოდოთ ტელეფონით, მეილით ,“- განაცხადეს სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა