დავით ბაქრაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის - სახელმწიფო დეპარტამენტისგან ინსტიტუციონალური კრიტიკა მიიღო

„ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის - სახელმწიფო დეპარტამენტისგან ინსტიტუციონალური კრიტიკა მიიღო.

როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-ში კარგად იციან საქართველოში არსებული პრობლემები და თუ ხელისუფლება რადიკალურ ნაბიჯებს არ გადადგამს, კრიტიკა უფრო მწვავე იქნება.

“ყველა ის პრობლემა, რომელმაც „ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო წლების განმავლობაში თავი მოიყარა, თანდათან აისახება არა მხოლოდ პოლიტიკურ შეფასებებში, რომელსაც ჩვენი პარტნიორებისგან ვიღებთ, არამედ ინსტიტუციონალურ შეფასებებშიც. აქამდე „ქართული ოცნება“ ყოველთვის თავს იმშვიდებდა, რომ კრიტიკა, წერილები, კომენტარები, ყველაფერი პოლიტიკური იყო, პოლიტიკური ფიგურებისგან მოდიოდა და პრობლემები ინსტიტუციონალურ შეფასებაში ასახული არ იყო, მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები. ეს ყველაფერი უკვე იცვლება. ვხედავთ სახელმწიფო დეპარტამენტის ძალიან დეტალურ და კრიტიკულ ანგარიშს, სადაც საუბარია ყველა დაგროვილ პრობლემაზე. ამიტომ, პოლიტიკური კრიტიკის გარდა, „ქართული ოცნება“ ახალ სიბრტყეზე გადადის, როდესაც ის უკვე იღებს ინსტიტუციონალურ კრიტიკას ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის - სახელმწიფო დეპარტამენტისგან. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი საუბარი იმაზე, თითქოს ვინმემ, რამე არ იცის ამერიკაში, პირდაპირ ტყუილი და საზოგადოების მოტყუებაა“, - აცხადებს ბაქრაძე.

მისი შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ძალიან დეტალური ანგარიში აჩვენებს, რომ აშშ-ში ძალიან კარგად იციან, თუ რა ხდება და რა პრობლემებია საქართველოში დაგროვილი. ბაქრაძის ვარაუდით, ეს კრიტიკა კიდევ უფრო მწვავე პოლიტიკური შეფასებების საფუძველი გახდება.

„ამიტომ, თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში, სანამ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში არიან, არ გადადგამს რადიკალურ ნაბიჯებს, მათ შორის, პირველ რიგში, 8 მარტის შეთანხმების შესრულების და პოლიტიკური პატრიმრების გათავისუფლების გზით, პოლიტიკური კრიტიკა, რომელიც ამ ინსტიტუციონალურ შეფასებას მოჰყვება, ბევრად უფრო მწვავე იქნება“, - აცხადებს ბაქრაძე.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებების ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების გამოსაძიებლად ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ხარვეზები დარჩა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს