პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებისთვის სატელეფონო საუბრებზე შეღავათები დაწესდება

პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებთან პაემნები აიკრძალა, თუმცა საკომპენსაციოდ იუსტიციის სამინისტრო მათთვის სატელეფონო საუბრებზე შეღავათებს დააწესებს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კონკრეტულად რა სატელეფონო შეღავათები იქნება, ამის შესახებ ჯერ პატიმრებთან ექნებათ კომუნიკაცია და შემდეგ საჯაროდ გამოაცხადებენ.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, აკრძალვები შესაძლოა, კიდევ დაწესდეს და ეს კორონავირუსის გავრცელების ტენდენციაზე იქნება დამოკიდებული.

„მინდა ვისაუბრო ასევე იმ საგანგებო პირობებზე, რომელზეც რამდენიმე დღეა ჩვენ გადასული ვართ პენიტენციურ სისტემაში. როგორც იცით, პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა ორკვირიანი სპეციალური პირობების მდგომარეობა გამოაცხადა პენიტენციურ სამსახურში იუსტიციის მინისტრის თანხმობით. ამ პერიოდის რამდენიმე დღე კიდევ არის დარჩენილი და ამ პერიოდში ჩვენ ავკრძალეთ პაემნები.

მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ პატიმარს, პატიმრის ოჯახის წევრს, ვინც გაგებით მოეკიდა ამას. ჩვენ რა ზომებსაც მივიღებთ, მივიღებთ პირველ რიგში იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები იმისგან, რომ ისინი არ შფოთავდნენ.

რა თქმა უნდა, პაემნების აკრძალვა არ არის მარტივი ტვირთი პატიმრისთვის. ჩვენ რამდენიმე დღეა ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამ ნაკლის კომპენსირება მოხდეს სატელეფონო შეღავათებით. თუ რა სატელეფონო შეღავათები იქნება, ამაზე პირველ რიგში ჯერ პატიმრებთან გვექნება კომუნიკაცია და საჯაროდაც გამოვაცხადებთ. ეს იქნება ის შეღავათები, რომ არავითარ შემთხვევაში ამან არ გამოიწვიოს პატიმრისთვი რაიმე ტიპის ფინანსური ტვირთი“, - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი ასევე გამოეხმაურა პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების საკითხას და აღნიშნა, რომ მისი გარდაცვალება კორონავირუსს არ უკავშირდება.

„ჩვენ გვყავდა მრავალი კვირის მანძილზე მძიმე დაავადებით პატიმარი, არაერთი ქრონიკული დაავადებით, რომელიც მართლაც გარდაიცვალა, მაგრამ არავითარი კავშირი არ აქვს იმ ვირუსთან, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ. მინდა ოჯახს მივუსამძიმრო“, - განაცხადა წულუკიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო