„ევროპული საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს, კორონავირუსის ნეგატიური ეფექტის შესამცირებლად, სასწრაფოდ დააწესოს საგადასახადო შეღავათები, გააუქმოს ის რეგულაციები, რომელიც ზღუდავს ბიზნესს, გაატაროს მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, შეამციროს ქონების და საშემოსავლო გადასახადები, აქციზი, რაც ლარის კურსის დასტაბილურებასა და შესაბამისად, ფასების გაძვირების კონტროლში დაეხმარება ქვეყანას.
როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე აღნიშნავს, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს სასწრაფოდ და პარტია მზადაა მთავრობას, დაინტერესების შემთხვევაში, დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია.
„ყველა ვხედავთ რა ხდება მსოფლიოს ეკონომიკაში. ყველა ვხედავთ რა ხდება საქართველოში, როცა თანმიმდევრულად უფასურდება ლარი, როცა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩვენი ტურისტული სექტორი. როცა სასტუმროების ჯავშები 90 პროცენტითაა გაუქმებული. 20 პროცენტზე მეტითაა შემცირებული ავიაგადაზიდვები. უკვე ჩანს ყველა ნიშანი იმის, რომ კორონავირუსის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე იქნება მძიმე. ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ლაპარაკითაა დაკავებული და ველოდებით როდის დაგვარტყამს კორონავირუსის ეკონომიკური ეფექტი. აუცილებლად მიგვაჩნია პრევენციული ზომები გატარდეს ახალვე, ვიდრე ჯერ კიდევ შეიძლება პროცესის კონტროლი და ზიანის შემცირება. რაც უფრო მალე გადავდგამთ ზიანის შემცირებისთვის ნაბიჯებს, მით უფრო მარტივად გადაიტანს ჩვენი ეკონომიკა კორონავირუსით გამოწვეულ შოკს,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, დღეს არ არის მავნებლური რეგულაციების დრო, შემზღუდველი რეგულაციები უნდა გაუქმდეს და ბიზნეს უნდა მიეცეს მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებში მუშაობის საშუალება.