რომან კაკულია - ვფიქრობ, გამოვკვეთავთ ყველა იმ სფეროს, სადაც შეიძლება ბიზნესმა ზარალი განიცადოს

ვფიქრობ, გამოვკვეთავთ ყველა იმ სფეროს, სადაც შეიძლება ბიზნესებმა ზარალი განიცადოს, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის მიერ ეკონომიკური გუნდისთვის მიცემულ დავალებას ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმის წარდგენაზე. კაკულიას თქმით, ყველა ტიპის მხარდაჭერის ზომები იქნება განხილული.

„მე მგონი ყველასთვის გასაგებია, რომ დღეს ეკონომიკა კორონავირუსის გამო გარკვეული წნეხის ქვეშ არის, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ამიტომ პრემიერის მხრიდან ეკონომიკურ გუნდს დავალებული აქვს დღის ბოლომდე შეიმუშაოს ყოველმხრივი ღონისძიებები. აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროზე. გაცილებით ფართო ჩართულობა იქნება, რათა მოხდეს ეკონომიკასთან დაკავშირებული პრობლემების წინასწარი გაანალიზება, რამდენადაც ეს შესაძლებელია და ასევე, დაიგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები. თავდაპირველად კონცენტრირებული ვიყავით ტურიზმზე, თუმცა ახლა ვფიქრობ, გამოვკვეთავთ ყველა იმ სფეროს, სადაც შეიძლება ბიზნესებმა ზარალი განიცადოს. ყველა ტიპის მხარდაჭერის ზომები იქნება განხილული. თავს შევიკავებ წინასწარ დავასახელო ეს ღონისძიებები," - განაცხადა კაკულიამ.

ის ასევე გამოეხმაურა ეროვნული ვალუტის გაუფასურებას და აღნიშნა, რომ ყველა ის ფაქტორი რისკის ქვეშაა, რომელიც მასზე მოქმედებს.

„რაც შეეხება ლარის კურსს, ყველა ის ფაქტორი, რომელიც მასზე მოქმედებს, არის რისკის ქვეშ. ეს შეეხება სხვა ქვეყნებიდან გადმორიცხვებს, ექსპორტს, ტურიზმს. ასეთ დროს, როცა წინ გაურკვეველი მომავალია, მოლოდინები ყოველთვის ზემოქმედებს ლარის კურსზე,"- აღნიშნა კაკულიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს