"ადამიანის უფლებათა ცენტრი" - ცენტრი აკვირდება 12 სასამართლო პროცესს, სადაც სავარაუდო პოლიტიკური მოტივი იკვეთება

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" აკვირდება საერთო სასამართლოებში მიმდინარე სასამართლო პროცესებს, რომლებშიც სავარაუდო პოლიტიკური მოტივი იკვეთება, - ამის შესახებ "ადამიანის უფლებათა ცენტრის" განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში წერია, რომ მიმდინარე პროექტი - „საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგი“, სასამართლო პროცესების გარდა, საპროტესტო აქციების მონიტორინგსაც მოიცავს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები ამ დროისთვის 12 სასამართლო პროცესს აკვირდებიან:

1) გიგი უგულავას საქმე - საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ან გაფლანგვას. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები გიგი უგულავას წინააღმდეგ აღძრული კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესს აკვირდებიან თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოცემულ საქმეზე პროკურატურა ბრალდებულს ედავება სსკ-ის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას (ფულის გათეთრება). ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერესის სფეროში ასევე ექცევა ე. წ. აეროპორტის ინციდენტთან დაკავშირებული საქმე, რომელიც ამ ეტაპზე მოსამართლეს არსებითად განსახილველად არ გადასცემია.

2-3) ნიკანორ მელიას ორი საქმე - ერთ სს საქმეში პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, ნიკანორ მელიას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის I და II ნაწილების თანახმად, რაც ითვალისწინებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას. ეს საქმე 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციას უკავშირდება. ამასთანავე, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომლებსაც ასევე აკვირდებიან ცენტრის მონიტორები. ამ საქმეში ნიკანორ მელიას იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. სასამართლოს პირველ ინსტანციაში ნიკანორ მელია გამართლდა ამ საქმეზე სსკ-ის 205-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში, რაც გულისხმობს ქონების დამალვას მოჩვენებით, ან თვალთმაქცური გარიგებით.

4-5) ირაკლი ოქრუაშვილის ორი საქმე - პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ბრალდებულია ორ სისხლის სამართლის საქმეში. ერთი ეხება 2019 წ. 20-21 ივნისის მოვლენებს, სადაც მას ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას. მეორე ბრალდება ოქრუაშვილს წარდგენილი აქვს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

6) გიორგი რურუას საქმე - ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, 2019 წ. 20-21 ივნისის და ნოემბრის საპროტექსტო აქციების აქტიურ მონაწილეს, გიორგი რურუას ბრალი ედება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას; მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 381-ე მუხლის I ნაწილით, რაც ითვალისწინებს სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას.

7) მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმე - თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ბრალი ედებათ სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწ-ის „ა“ და მე-3 ნაწ-ის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რომელიც განხორციელდა ჯგუფურად და თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ხოლო TV პირველის მფლობელის, ავთანდილ წერეთლის მიმართ წარდგენილი ბრალი გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას (25-194 მუხლის მე-2 ნაწ-ის „ა“ და მე-3 ნაწ-ის „გ“ ქვ/პ).

8) ნიკა გვარამიას საქმე - „მთავარი არხის“ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ბრალი ედება სსკ-ის 220-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

9) ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიას და კახაბერ კუპრეიშვილის საქმე - ბესიკ თამლიანს, ზურაბ ბუდაღაშვილსა და ცოტნე სოსელიას ბრალი წარდგენილი აქვთ საქართველოს სსკ-ს 225-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა. ამ დროისთვის პატიმრობაში ბესიკ თამლიანი რჩება, რომელიც თავს დამანაშავედ არ ცნობს. მოცემულ საქმეზე სხვა ბრალდებული პირები საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდნენ. მათ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ბრალი აღიარეს, რის შედეგადაც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

10) ბეჟან ლორთქიფანიძის და მორის მაჩალიკაშვილის საქმე - საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ნაკრესის“ თანამშრომლის, ბეჟან ლორთქიფანიძეს და მორის მაჩალიკაშვილს ბრალი წარედგინათ სსკ-ის 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას. მორის მაჩალიკაშვილი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებას დათანხმდა. ბეჟან ლორთქიფანიძე ბრალს არ აღიარებს. მას აღკვეთის ღონისძიებად გირაო აქვს შეფარდებული.

11) კობა კოშაძის საქმე - პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლს, კობა კოშაძეს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენას, შენახვას ან ტარებას.

12) ადამიანის უფლებათა ცენტრი ასევე აკვირდებოდა გიორგი ჯავახიშვილისა და თორნიკე დათაშვილის საქმეს - გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას. მოცემული საქმე განიხილებოდა ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან ერთად, მაგრამ ჯავახიშვილისა და დათაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და ისინი მალევე გათავისუფლდნენ. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს, რის შედეგადაც მათ გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება.

პროექტის შუალედურ და საბოლოო ეტაპზე მომზადდება მონიტორინგის შედეგების ამსახველი ანგარიშები, რითაც დაინტერესებული სამიზნე ჯგუფები მიიღებენ ობიექტურ ინფორმაციას დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

პროექტი „საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგი“ 2020 წლის 1 თებერვალს დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მხარდაჭერით და 31 დეკემბერს დასრულდება“,- ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით