ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც სერიოზული გაფრთხილებაა ხელისუფლებისათვის - ასე გამოეხმაურა პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას.
მისი თქმით, ეს დოკუმენტი კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ „ქვეყანაში სამართალი და დამოუკიდებელი პროკურატურა არ არსებობს“.
,,განცხადებაში ძალიან მკაცრად და მკაფიოდ არის ხაზგასმული ის დარღვევები, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ხდება. ნახსენებია ,,თიბისი’’ ბანკი და ჩემი, ბადრის და ავთო წერეთლის საქმეც. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამართალი და დამოუკიდებელი პროკურატურა. ჩვენ ყველაფერ ამას შევცვლით, როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში, რამეთუ ქვეყანა ვერ განვითარდება, თუ სამართალდამცავი ორგანოები და საერთოდ, სასამართლო სისტემა არ იქნება ძირფესვიანად გამოცვლილი და გადახალისებული. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც სერიოზული გაფრთხილებაა ხელისუფლებისათვის’’, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, რომლის კომენტარსაც „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებათა შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ცალკე თავი ეთმობა ადამიანის უფლებებს მდგომარეობას საქართველოში.
ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა მართლმსაჯულების სისტემასა და "პოლიტიკურად მოტივირებულ" საქმეებს. მათ შორის მოხვდა პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერების, ,,თიბისი ბანკის’’ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმე.
ანგარიშში მოხსენიებულია „თიბისი“ ბანკის თანადამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სასამართლო პროცესი, რომლებსაც ფულის გათეთრების ბრალდება წაუყენეს პროკურორებმა 2008 წლის ტრანზაქციასთან დაკავშირებით. სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება 20 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენების წინააღმდეგ სასამართლო „პოლიტიკურად მოტივირებულია“.