სრულიად საქართველოს მუფთი - მეჩეთებში კორონავირუსის შემთხვევების გამო ღვთისმსახურების მხრივ ცვლილება არ იგეგმება და პარასკევის ლოცვები მკაცრი რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება

საქართველოში მოქმედ მეჩეთებში, ქვეყანაში დაფიქსირებული ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამო ღვთისმსახურების მხრივ ცვლილება არ იგეგმება და დღეს, პარასკევის ლოცვები მკაცრი რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სრულიად საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოში, ახალი კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევა სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლებია, შესაბამისად არსებული რეალობიდან გამომდინარე მეჩეთში მსახურების მხრივ ცვლილების საჭიროება არ არსებობს. ადამ შანთაძის განმარტებით, მკაცრად ითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რაც გაცემულია მთავრობის და ჯანდაცვის ორგანოების მხრიდან.

„გუშინ ჩატარდა მეჩეთების დეზინფექცია. მრევლთან ახლო და მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რეკომენდაციებს ვაძლევთ. რეკომენდაციები ეხება იმას, რომ თავი შეიკავონ ხელის ჩამორთმევისგან და ა.შ. ჩვენ ისედაც სახეს, ხელებს ვიბანთ და ფეხსაცმლით არ შევდივართ მეჩეთში, ანუ ჰიგიენის წესები მკაცრად არის დაცული. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ღმერთის შეწევნით, ამ მხრივ რაიმე საშიშროება ლოცვის ჩატარებას არ ემუქრება. ლოცვის შეჩერება მარტივი საქმე არ არის. მოვუწოდებ მრევლს, რომ მკაცრად დაიცვას რეკომენდაციები. ღმერთს მადლობა, რომ ჩვენს ქვეყანაში სხვა ქვეყნებთან შედარებით შემთხვევების ის დონე არ არის, რომ ლოცვები შეჩერდეს, ქუჩაში გამოვლა შეიზღუდოს და ა.შ. თუმცა, მკაცრ რეკომენდაციებს ვაძლევთ მრევლს და თუ გართულდება ვითარება, რა თქმა უნდა, შესაბამისად ვიმოქმედებთ.

პანიკაში არ უნდა ჩავარდეს მრევლი, ჩვენ უნდა მივენდოთ ღმერთს და ვლოცულობთ, რომ როგორც ჩვენს ქვეყანაში ასევე მთელს მსოფლიოში იყოს მშვიდობა და სულ მალე, ღვთის შეწევნით, მსოფლიომ ვირუსისგან სრულად შეძლოს გამოჯანმრთელება“, - განაცხადა ადამ შანთაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო