ანა ნაცვლიშვილი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ზუსტად იმ პრობლემებს აჩვენებს, რომლის გამოც ქართული სახელმწიფო სუსტი და არასტაბილურია

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ზუსტად იმ პრობლემებს აჩვენებს, რომლის გამოც ქართული სახელმწიფო არის სუსტი, არასტაბილური და მის მოქალაქებს აქვთ გრძნობა, რომ ისინი არ არიან დაცულები, - ასე ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი საქართველოს სასამართლო სისტემის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას.

ნაცვლიშვილის თქმით, პროკურატურის და სასამართლოს მიზანი არა სამართლის აღსრულება, არამედ პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალებაა.

„ქართული სახელმწიფოს წინაშე მდგარი ძალიან მწვავე პრობლემები შეაჯამა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის ყოველწლიურ ანგარიშში. ჩვენ ამ ანგარიშს დეტალურად გავეცანით და ის აჩვენებს ზუსტად იმ პრობლემებს, რომლის გამოც ქართული სახელმწიფო არის სუსტი, არასტაბილური და მის მოქალაქებს აქვთ გრძნობა, რომ ისინი არ არიან დაცულები. ანგარიშში დეტალური საუბარია იმ ფუნდამენტურ დარღვევებზე, რომლებიც არაერთ საქმეში ფიქსირდება. საუბარია პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე და იმაზეც, რომ პროკურატურა არ იძიებს კონკრეტულ საქმეებს და წლობით ჭიანურდება, მაგრამ როდესაც არსებობს პოლიტიკური ინტერესი, მაშინ ეს საქმეები სწრაფად მიდის წინ. ამ კონტექსტში პირდაპირ არის ნახსენები „ლელოს“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და „ტვ პირველის“ მფლობელის მამის, ავთანდილ წერეთლის საქმე, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და ასევე არის მითითება სხვა საქმეებზე სადაც ნათელია, რომ პროკურატურის და სასამართლოს მიზანი არ არის სამართლის აღსრულება, არამედ არის ოპონენტების განეიტრალება,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილმა „ლელოს“ მართლმსაჯულების მოდელზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ამ მოდელს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ დარგის სპეციალისტებთან ერთად ამუშავებენ და საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობენ.

„ლელოს“ მოდელი მართლმსაჯულებას მოუტანს ფუნდამენტურ გარდატეხას, ეს არის ის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამოიყვანს მართლმსაჯულებას და სახელმწიფოს. „ლელოს“ მოდელი გულისხმობს, რომ სასამართლო გახდება ყველასთვის ხელმისაწვდომი და ყველასთვის სამართლიანი. მოსამართლეობა ამ ქვეყანაში გახდება საპატიო და სანდო პროფესია. პროკურორის და პროკურატურის გაგონებაზე მოქალაქეებს არ დაგვეუფლება შიშის განცდა. ამ მოდელს ჩვენ ვამუშავებთ დარგის სპეციალისტებთან ერთად როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ იმიტომ, რომ დიდი კომპეტენცია არის დაგროვილი და გვინდა, რომ ეს ცოდნა და გამოცდილება მთლიანად აისახოს მართლმსაჯულების ფუნდამენტური გარდასახვის „ლელოს“ მოდელში და მას ჩვენ უახლოეს მომავალში გავაცნობთ საზოგადოებას,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებათა შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ცალკე თავი ეთმობა ადამიანის უფლებებს მდგომარეობას საქართველოში. ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა მართლმსაჯულების სისტემასა და "პოლიტიკურად მოტივირებულ" საქმეებს. მათ შორის მოხვდა პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერების, ,,თიბისი ბანკის’’ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმე. ანგარიშში მოხსენიებულია „თიბისი“ ბანკის თანადამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სასამართლო პროცესი, რომლებსაც ფულის გათეთრების ბრალდება წაუყენეს პროკურორებმა 2008 წლის ტრანზაქციასთან დაკავშირებით. სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება 20 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენების წინააღმდეგ სასამართლო „პოლიტიკურად მოტივირებულია“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო