პროკურორის განმარტებით, ამ ეტაპზე მარიანა ჩოლოიანის გარდა, სხვა პირების დანაშაულებრივი ქმედება არ იკვეთება

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის საქმის პროკურორის, ლევან ქუთათელაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მარიანა ჩოლოიანის გარდა, სხვა პირების დანაშაულებრივი ქმედება არ იკვეთება.

როგორც ლევან ქუთათელაძე განმარტავს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე - სამართალდამცავები დაიკითხებიან, რომლებიც შემთხვევის დღეს პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ. პროკურორის თქმით, აღნიშნული სამართალდამცავების მიმართ ამ ეტაპზე სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ განიხილება.

„ბრალდების მხარე ორ დასაკითხ პირს წარადგენს. ისინი უკვე დაკითხულები არიან საგამოძიებო სამსახურში. ეს მოწმეები გახლავთ პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ 2019 წლის 10 დეკემბერს, როცა არასრუწლოვანი ლუკა სირაძის მიმართ განხორციელებული იქნა ფსიქოლოგიური ზეწოლა ჩვენების მიცემის იძულების მიზნით. ესენი არიან პოლიციის რიგითი თანამშრომლები, რომლებიც იმ დღეს სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ამ ეტაპზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამძიებო დეპარტამენტი აგრძელებას გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე კვალიფიკაციით - ჩვენების მიცემის იძულება და თვითმკვლეობამდე მიყვანა. ამ ეტაპზე გამოკვეთილია მხოლოდ მარიანა ჩოლოიანის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი, რის გამოც მას წარედგინა ბრალდება შესაბამისი მუხლით. ნებისმიერი პირის შემთხვევაში, ვის მიმართაც მოხდება აღნიშნული საქმის ფარგლებში მტიცებულებების მოპოვება, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება შესაბამისი ორგანოების მხრიდან. ამ ეტაპზე არცერთი პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი არ არსებობს. ამ ეტაპზე, დღეს დასაკითხი მოწმეების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ განიხილება. ეს პირები იძლევიან გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ჩვენებას, რომელიც ასახულია ბრალდების შესახებ დადგენილებაში, უფრო კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა ქუთათელაძემ.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა. უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა პოლიციის მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

იხილეთ ვიდეო: პროკურორის განმარტებით, ამ ეტაპზე მარიანა ჩოლოიანის გარდა, სხვა პირების დანაშაულებრივი ქმედება არ იკვეთება

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით