ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლება შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს - დანარჩენი დამოკიდებულია იმაზე, საერთოდ მსოფლიო როგორ შეძლებს ამ უბედურებისგან თავის დაღწევას

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, კორონავირუსის გამო არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ ხელისუფლება შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს.

როგორც ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ხელისუფლება შექმნილ ვითარებას სწორად აფასებს და პროცესებს ადეკვატურად მიჰყვება.

„ეს არის მაინც პირველი ნაბიჯები, საბანკო სექტორთან მოლაპარაკება, ლაპარაკი ტურიზმზე, ანუ ის პირველი მიმართულებები, სადაც თითქმის გარანტირებულია, რომ ბიზნესს შეექმნება პრობლებები. ტურიზმის პრობლემა რომ იქნება, უკვე ცხადია, მთელი მსოფლიო ჩაიკეტა საკუთარ საზღვრებში. მესაზღვრეები, მე მგონი, საჭიროც აღარ გახდება მალე. ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები იქნება ძალიან სწორი. შეიძლება 3 თვით სესხის გადავადება დიდს არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ამ რთულ ვითარებაში, სანამ უკეთესად, უფრო რეალურად გამოიკვეთება სურათი, თუ საით მიდის მსოფლიო, ან რას ვაპირებთ, რა განვითარება ექნება ამ პროცესებს, მე მგონი, საწყის ეტაპზე სრულიად ნორმალურია [ხელისუფლების ნაბიჯები]. შეიძლებოდა უფრო რადიკალური ზომების მიღება, მაგრამ იმ რადიკალურ ზომებს შემდეგ გვერდითი ეფექტები შეიძლება მოჰყვეს და ამიტომ ხელისუფლება მგონია, რომ ამ შემთხვევაში აკეთებს შესაძლებლობების მაქსიმუმს. ხელისუფლება საკმაოდ სწორად აფასებს შექმნილ სიტუაციას და თითქმის ადეკვატურად მიჰყვება პროცესებს. დანარჩენი დამოკიდებულია იმაზე, რა რესურსი გვაქვს და როგორ შევძლებთ ან საერთოდ მსოფლიო როგორ შეძლებს ამ უბედურებისგან თავის დაღწევას”, - განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკური სტიმულირების გეგმა წარადგინა, რომელიც მთავრობამ კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკაზე ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად შეიმუშავა.

გეგმის თანახმად, 4 ნომრიდან 50 ნომრამდე მცირე სასტუმროებისთვის 6 თვის განმავლობაში სესხის პროცენტს სახელმწიფო დაფარავს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კაპიტალურ ხარჯებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში დამატებით, წლის ბოლომდე ინვესტირებული იქნება 300 მილიონი ლარი.

სასტუმროებსა და რესტორნებს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო და საექსკურსიო კომპანიებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი 4 თვით გადაუვადდებათ.

2020 წელს დაგეგმილი დღგ-ს დასაბრუნებელი თანხა-600 მილიონი ლარი, გაორმაგდება.

ასევე, საჭიროების შემთხვევაში კომერციული ბანკები კომპანიების სესხების რესტრუქტურიზაციას მოახდენენ. ფიზიკური პირები კი აუცილებლობის შემთხვევაში, 3 თვის განმავლობაში სესხის მომსახურეობის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა