სოფო კილაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას შეხვდა.

როგორც კილაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს და ჟურნალისტთა ნაწილის მხრიდან გამოთქმულ პროტესტს. კილაძის თქმით, ობიექტური სურათის შესაქმნელად, მან მოისმინა როგორც ხელმძღვანელობის, ასევე ჟურნალისტების პოზიციები.

„ჩვენ ამ კვირაში შეხვედრა გვქონდა ჟურნალისტების ნაწილთან და იმისთვის, რომ ობიექტური სურათი გვქონოდა, მეორე მხარესაც შევხვდით, ანუ მათ, ვისაც ჟურნალისტების ნაწილი უყენებს გარკვეულ პრეტენზიებს. მე უკვე ჩამომიყალიბდა ჩემი პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა დღეს კიდევ მივიღეთ დოკუმენტები, რომელთა გაცნობა აუცილებელია. ჩემს პოზიციაზე საბოლოო პასუხს იქამდე ვერ გეტყვით, ვიდრე არ შევისწავლით ამ დოკუმენტებსაც. გარდა ამისა, დღეს მოგვეწოდა ინფორმაცია, რომ აუდიტის დასკვნაა მოთხოვნილი და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ დასკვნის შედეგებიც. ვითარება ამ სიტუაციაში ძალიან საფრთხილოა იმიტომ, რომ გვაქვს საარჩევნო წელი და არცერთ კითხვის ნიშანს არ დავტოვებთ იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ რაიმე ფორმით ჩარევას ჰქონდეს აქ ადგილი. ბუნებრივია, არანაირ ჩარევას არ აქვს ადგილი. ჩვენთვის ახლა მთავარია აჭარის მაუწყებელში სიტუაცია იყოს მშვიდი და ყველა მხარეს ჰქონდეს თავისუფლად მუშაობის უფლება“, - განაცხადა კილაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი აბაზაძის განცხადებით, ჟურნალისტთა ნაწილი მისი მისამართით დაუსაბუთებელ ბრალდებებს აჟღერებს.

მისივე თქმით, აბსურდულია ბრალდება იმის თაობაზე, რომ ის გიორგი კოხრეიძის ნარატივის გამტარებელი იქნება. როგორც აბაზაძე ირწმუნება, ის მაუწყებლის ახალი ამბების დამოუკიდებლად მუშაობის გარანტორი იქნება.

“შეხვედრაზე მივაწოდე ინფორმაცია იმ არსებულ კრიზისულ სიტუაციაზე, რომელიც მაუწყებელში ამ წუთას ხელოვნურად არის შექმნილი. ამ პირობებში შეუძლებელი ხდება ვაკეთოთ ახალი ამბები. ასევე, მე ვისაუბრე ჩემ მიმართ გამოთქმულ აბსურდულ და შეურაცხმყოფელ ბრალდებებზე. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ამ დღეების განმავლობაში ვინმემ რომელიმე ჟურნალისტს დაავალა, რომ ხელისუფლების მისამართით აღარ იყოს კრიტიკა, ან ვიღაცის მისამართით უფრო თბილი სიტყვა ეთქვათ და ა. შ. ჩვენი საქმე სამუშაო პირობებში უნდა ვაკეთოთ და არა - საბოტაჟის. მე როდესაც ნიუსრუმში შევედი, ჟურნალისტებმა გამოთქვეს პროტესტი და არ მომცეს საშუალება, გამეკეთებინა ჩემი საქმე. ისინი ამბობდნენ, რომ მე გიორგი კოხრეიძის ნარატივის გამტარებელი ვიყავი. ეს აბსურდული ბრალდებაა, რასაც დასაბუთება უნდა. არ ვფიქრობ, რომ ჩემი მისვლა ჟურნალისტებისთვის უნდა ყოფილიყო პროტესტის საფუძველი იმიტომ, რომ 3 წლის მანძილზე ამ ადამიანებთან ერთად ვიმუშავე. მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ მე ვიქნები იმის გარანტორი, რომ მათ საქმიანობაში ვერავინ ჩაერიოს, ვერც მრჩეველთა საბჭო, ვერც მაუწყებლის დირექტორი, ახალი ამბების მუშაობაში. თუკი ვინმეს ექნება ჩარევის მცდელობა, მე ვიქნები ის პირველი ადამიანი, რომელიც ამას საჯაროდ იტყვის ტელეეკრანზე“ , - განაცხადა გიორგი აბაზაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო