გიგა ბოკერია - რაც მთავრობისგან მოვისმინე, არსებითად ვერაფერს გააუმჯობესებს და კონცეპტუალურად არასწორია

განსაკუთრებით ამ ვითარებაში ის, რაც მთავრობისგან მოვისმინე, არსებითად ვერაფერს გააუმჯობესებს და კონცეპტუალურად არასწორია, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ახალი კორონავირუსის გამო, მთავრობის მიერ ეკონომიკური სექტორისთვის დაწესებულ შეღავათებს.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ამ საკითხთან მიმართებით, პარტია “ევროპული საქართველოს“ ხედვა დიდი ხანია ცნობილია.

"ისედაც ფუნდამენტურად არასწორია, რომ „ცუდი ძიძის“ როლში იყოს მთავრობა. განსაკუთრებით ამ ვითარებაში, ჯერჯერობით, ის, რაც მთავრობისგან მოვისმინე, გარდა იმისა, რომ უფრო ადრე უნდა ჰქონოდათ რეაგირება, არსებითად ვერაფერს გააუმჯობესებს და კონცეპტუალურად არასწორია. მე მესმის, რომ ამ კონკრეტული სფეროს ხალხისთვის, შესაძლოა, ეს დროებითი შვება იყოს, მაგრამ ფუნდამენტური განსხვავებაა. ჩვენ ვეუბნებით ადამიანებს და მეწარმეებს, რომ ჩვენ გვინდა, ეს ფული დაგიტოვოთ. მთავრობა ეუბნება, რომ ჩვენ გასესხებთ ამ ფულს და მერე უნდა ჩაგვასესხოთ. ანუ, უნდათ, რომ ეს ბიზნესი მათ შეღავათებზე და მათზე იყოს დამოკიდებული ოთხი თვის შემდეგ. გადასახადების დაწევაზე კვლავ უარს აცხადებენ, საწვავზე აქციზის დაწევაზე აცხადებენ უარს, რაც აისახება ფასებზე, ადამიანებზე, ყველა ბიზნესსა და მეწარმეზე, ასევე უარს აცხადებენ საშემოსავლოს დაწევაზე“,-განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, მთავრობის მხრიდან ფუნდამენტური მიდგომა მცდარია, რადგან გადასახადების დაწევაზე უარს ამბობენ.

„რაც შეეხება ცალკეული სფეროების გამოყოფას, კარგად მესმის, რომ ზოგიერთი სფერო განსაკუთრებით დაზიანებულია და მესმის, რომ შესაძლოა, მყისიერი ყურადღება სჭირდება, მაგრამ ზოგადად, თუ ლაპარაკია ეკონომიკის შველაზე ვინმეს გამოყოფა საქმეს არ უშველის. იმიტომ, რომ ეს ამბავი ყველას შეეხო სხვადასხვა ტემპით და სხვადასხვა დოზით. სამწუხაროდ, ფუნდამენტურად მიდგომაა მცდარი, იმიტომ, რომ გადასახადების დაწევაზე უარს ამბობენ. როგორც ჩანს, ეს მათ პოლიტიკურ დნმ-ს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს