ალექსანდრე ხვთისიაშვილი - იტალიიდან სპეციალურ რეისზე ათი ადამიანი არ გამოცხადდა, რამდენიმე პირი ავტობუსით სხვა ქვეყანაში გადავიდა და იქიდან გამოემგზავრა - ხშირია, როდესაც მალავენ და სურვილი არ აქვთ, ორკვირიან კარანტინში მოხვდნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, მათ გააჩნიათ შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ახალი კორონავირუსის გამო, საქართველო-იტალიის სპეციალურ რეისს არ გამოყვნენ სამშობლოში და რამდენიმე ადამიანი იტალიიდან ავტობუსით სხვა ქვეყანაში გადავიდა და შემდეგ უკვე სხვა ქვეყნებიდან გამოემგზავრა საქართველოში.

როგორც ალექსანდრე ხვთისიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, აეროპორტში 10 ადამიანი არ გამოცხადდა.

„ყველა მგზავრი მოგროვდა რომის აეროპორტში. ჩვეულებრივად გაიარეს რეგისტრაცია, ისე როგორც ჩვეულებრივი მგზავრები გადიან. ბარგი ჩააბარეს, ტალონები აიღეს, თუ სად უნდა დამსხდარიყვნენ. ეს ათი ადამიანი კი, უბრალოდ, არ გამოცხადდა, არც ერთ მათგანს ამ პროცესში საკონსულოში არ დაურეკავს, რომ „მე ვაგვიანებ, ვერ შევძელი ან დამეხმარეთ. რეგიონიდან გამოსვლის ნებართვა კი მაქვს, მაგრამ ადამიანი ვინც იმ მომენტში ამ ნებართვას ამოწმებს არ მიშვებს“ და ა.შ. ამასთან მიმართებაში კომუნიკაცია არც ერთს ჰქონია. ჩვენებმა რომ სცადეს კომუნიკაცია, ზოგმა, უბრალოდ, ყურმილი არ აიღო და ზოგის ტელეფონი გათიშული იყო. კომუნიკაცია ვეღარ შედგა.

ვიცით, რომ რამდენიმე ადამიანი იტალიიდან ავტობუსით სხვა ქვეყანაში გადავიდა და მერე იქიდან გამოემგზავრა საქართველოში. ჩვენ ვიცით, რომ ისინი იტალიაში იმყოფებოდნენ და ჩვეულებრივად პროცედურა გაიარეს. არავის მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ხშირად არის, როდესაც ადამიანები მალავენ და სურვილი არ აქვთ, რომ ორკვირიან კარანტინში მოხვდნენ. თუმცა არ მგონია, რომ ორკვირიანი კარანტინი ასეთი საშიში და საშინელი რაღაც იყოს. ხშირ შემთხვევაში ეს არის სასტუმროს ოთახი, სადაც ძალიან კარგი პირობებია და სისუფთავეა“,-განაცხადა ხვთისიაშვილმა.

ალექსანდრე ხვთისიაშვილის თქმით, არის ისეთი შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები გადადიან მეზობელ ქვეყნებში სახმელეთო ტრანსპორტით. მისივე განმარტებით, ვინ საიდან მოდის, ამის თაობაზე იდენტიფიცირების ხარისხი ძალიან მაღალია.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ უპასუხა კითხვას გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ადამიანები საზღვარზე შემოსვლისას, სავარაუდოდ, სიცხის დამწევ პრეპარატს იღებდნენ.

„იყო ასეთი შემთხვევებიც. ალბათ, დღესაც არის ასეთი შემთხვევები. მერწმუნეთ, რომ ჩვენ ძალიან კარგი, პროფესიონალი ექიმები გვყავს, რომლებიც უმაღლეს დონეზე მუშაობენ. ასევე შემიძლია გითხრათ საპატრულო, საბაჟო სამსახურები და ა.შ. ძალიან პროფესიონალურად მუშაობენ. შესაბამისად, მაქიმალურად უზრუნველყოფილია, რომ ასეთი ადამიანები იდენტიფიცირდნენ“, - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

მისი თქმით, ამის ფონზე მთავრობა თავს იკავებს, რომ ასეთი ქმედებების გამო, რადიკალურ ზომებს მიმართოს.

„ამიტომ არის მუდმივად მოწოდება, რომ თვითონ გაიაზრონ ის, რასაც აკეთებენ“, -აღნიშნა ხვთისიაშვილმა.

გარდა ამისა, ალექსანდრე ღვთისიაშვილის თქმით, ახალი კორონავირუსის პანდემიის შესახებ საუბარი ჰქონდა ჩინეთის ელჩთან, სადაც ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი ჩინეთი საქართველოს თავის ცოდნითა და გამოცდილებით დაეხმაროს.

„ჩინური მხარე ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ ქართული მხარე ძალიან ეფექტურად მუშაობს და მაღალ შეფასებას ვიმსახურებთ მათი მხრიდანაც. გვეხმარებიან, უკვე გვაჩუქეს 1000 ცალი ტესტი. ეს არის უახლესი ტესტები, რომლებიც მთელს მსოფლიოში ძალიან ცოტაა. ამ ტესტებს ვირუსის იდენტიფიცირება ძალიან მცირე დროში შეუძლიათ. ეს ტესტები საქართველოში რამდენიმე დღეში იქნება. ასევე გვაჩუქეს მოწყობილობები, რომლებიც ამ ტესტების ჩასატარებლად არის საჭირო“, - განაცხადა ხვთისიაშვილმა.

შეგახსენებთ, 10 მარტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Georgian Airways-ის ორი თვითმფრინავით რომი-თბილისის სპეციალური რეისი შესრულდა, რითაც სამშობლოში საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანეს.

თვითმფრინავში უსაფრთხოების შესაბამისი ზომები იყო დაცული. სამშობლოში 156 ადამიანი დაბრუნდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს