საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებულ ეკონომიკის სტიმულირების გეგმას ეხმიანება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია პრემიერ- მინისტრის მიერ დაანონსებულ ეკონომიკის სტიმულირების გეგმას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული გეგმა პასუხობს ამ ეტაპზე არსებულ გამოწვევებს ბიზნესსა და ქვეყნის ეკონომიკაში.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მოუწოდებს ყველას, გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა და ნებისმიერი გადაწყვეტილება შეუსაბამონ საზოგადოების დღევანდელ მოთხოვნებსა და ყოველდღიურ საჭიროებებს.

„ბოლო დღეების განმავლობაში მთავრობასა და ბიზნესს შორის ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობდა, იმ მიზნით, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებამდე მთავრობას ჰქონოდა სრულყოფილი ინფორმაცია კონკრეტული მომენტისათვის ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კონსულტაციების პროცესში მთავრობას გაუზიარა საკუთარი მოსაზრებები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილიც აისახა სამოქმედო გეგმაში. შესაბამისად, ვფიქრობთ, პრემიერ მინისტრის მიერ გაჟღერებული გეგმა პასუხობს ამ ეტაპზე არსებულ გამოწვევებს ბიზნესსა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაში.

ამასთან, აუცილებლად მიგვაჩნია, ხაზი გავუსვათ, წამყვანი კომერციული ბანკების, რომლებიც ასევე არიან ჩვენი ასოციაციის წევრები, მიერ გაცხადებულ მზადყოფნას, გვერდში დაუდგნენ ჩვენს მოქალაქეებსა და მეწარმე სუბიექტებს, რათა ერთად, მინიმალური დანაკარგებით გადავლახოთ დროებითი სირთულეები. ვფიქრობთ, სოლიდარობისა და სოციალური პასუხისმგებლობის ეს სამაგალითო აქტი უდავოდ იმსახურებს ყველა ჩვენგანის მადლიერებას. შექმნილ ვითარებაში ნებისმიერი ბიზნესი მოვალეა და შესაბამისად ყველას მოვუწოდებთ გამოიჩინოთ სოციალური პასუხისმგებლობის უმაღლესი გრძნობა და ნებისმიერი გადაწყვეტილება პირველ რიგში შეუსაბამოთ საზოგადოების დღევანდელ მოთხოვნებსა და ყოველდღიურ საჭიროებებს.

ჩვენ, როგორც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, ამ პერიოდში განსაკუთრებული ძალისხმევით ვიმუშავებთ ეფექტური კომუნიკაციის გზით პრობლემების იდენტიფიცირებისათვის, რათა, თუ ამის საჭიროება გამოიკვეთა, დროულად მომზადდეს ეკონომიკის მასტიმულირებელი დამატებითი ღონისძიებები.

დასასრულს, კიდევ ერთხელ გვინდა უდიდესი მადლიერებით გამოვეხმაუროთ თითოეული იმ ადამიანის, პროფესიონალის ძალისხმევას, ვინც დაავადებასთან ბრძოლისა და შეკავების წინა ხაზზე იცავს ჩვენი მოქალაქეების, თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას. იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლების, ბიზნესისა და საზოგადოების სოლიდარობითა და ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედებებით შევძლებთ გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს და მოკლე დროში გადავლახოთ დღეისათვის ჩვენს წინაშე არსებული პრობლემები”, - აღნიშნულია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა