დავით ზალკალიანი - ყველა საელჩო და საკონსულო მობილიზებულია ევროპის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაბამისი მომსახურების გასაწევად

ყველა საელჩო და საკონსულო არის ზუსტად ინსტრუქტირებული, თუ რა მომსახურება, კონსულტაცია, დახმარება შეიძლება გაუწიონ ევროპის ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დასაბრუნებლად, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების საკითხთან დაკავშირებით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან გამართული ვიდეოკონფერენციის შეჯამებისას განაცხადა.

მისი თქმით, ვიდეო-კონფერენციის მთავარ თემას ევროპის იმ ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება წარმოადგენდა, საიდანაც საერთაშორისო ავიახაზებმა შეაჩერეს პირდაპირი ფრენები.

„ამ სიტუაციაში ძალიან მნიშნველოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებთან იყოს ძალიან ზუსტი კომუნიკაცია და იმ ინფორმაციის გაზიარება, რაც მისცემს მათ საშუალებას, რომ დატოვონ ეს ქვეყნები სხვადასხვა ალტერნატიული მარშრუტით“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გარდა კომპანია “თურქეთის ავიახაზების” მიერ შეთავაზებული ალტერნატიული მარშრუტების ან ბილეთის საფასურის ანაზღაურების შესაძლებლობისა, აუცილებელია საქართველოს მოქალაქეები იყვნენ ინფორმირებულები იმ პირდაპირი ფრენების შესახებ, რომლებსაც სხვადასხვა ავიაკომპანიები ჯერ კიდევ ახორციელებენ. მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ მიმდინარეობს მუშაობა ქართულ კომპანიებთან, რათა გამოინახოს დამატებითი შესაძლებლობა სხვა ევროპული დედაქალაქებიდან პირდაპირი ფრენების ამოქმედებასთან დაკავშირებით.

„სწორედ ამ ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ ცხელი ხაზის საშუალებით, რომელიც 24 საათიანია და ყველა საელჩო და კონსული არის ვალდებული, რომ იმუშაოს ამ რეჟიმით და მიაწოდოს საქართველოს მოქალაქეებს ამომწურავი ინფორმაცია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია უცხოეთში ვიზიტებით წასულმა მოქალაქეებმა გაითვალისწინონ ზოგადად მსოფლიოში შექმნილი არაორდინალური ვითარება.

„მე მინდა საზოგადოებას და ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, განსაკუთრებით კი ევროპულ ქვეყნებში არიან, ვთხოვო, რომ გაგებით მოეკიდონ ამ სიტუაციას, რადგანაც სიტუაცია მართლაც არ არის ორდინალური, ფორს-მაჟორულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ეს არის გლობალური პრობლემა. სიტუაცია სწრაფად იცვლება. საელჩოებისა და საკონსულოების ცხელ ხაზებთან ერთად, ასევე მოქმედებს სამინისტროს ქოლ-ცენტრი და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, იმ მომენტისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს “, - აღნიშნა ზალკალიანმა, რომლის კომენტარსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კიდევ უფრო მეტად აქტიური კომუნიკაციის რეჟიმში გადავიდნენ საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან და მიაწოდონ ინფორმაცია თურქული ავიაკომპანიების მიერ რიგ ქვეყნებში რეისების გაუქმების შედეგად სამშობლოში დაბრუნების ალტერნატიული საშუალებების შესახებ, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ქართული ავიაკომპანიების მიერ დამატებითი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერია: +995 32 294 5050

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს