მეუფე მიქაელი სააღდგომო ღვთისმსახურებაში ცვლილებებზე - ერთი თვეა დარჩენილი და გვაქვს დრო რაღაც-რაღაცები განვიხილოთ

კორონავირუსი დამარცხდება თუ ღმერთთან ვიქნებით, - ამის შესახებ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მეუფე მიქაელმა აღნიშნა, მრევლი პატრიარქის მითითებებს უნდა დაემორჩილოს და ყველაფერი კარგად იქნება.

„ყველაფერი კარგად იქნება. კორონავირუსიც დამარცხდება თუ ღმერთთან ვიქნებით. ჩემს ეპარქიაში ყველაფერი კარგად არის. რა ბრძანება გამოსცა საქართველოს საპატრიარქომ და რაზეც გვაკურთხა მისმა უწმინდესობამ, ყველაფერი უნდა შევასრულოთ და ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა მეუფე მიქაელმა.

რაც შეეხება ზიარების წესში გარკვეული ცვლილების შეტანას, რაც ზიარების შემდგომ „სიტკბოების“ მიღებისას ერთჯერადი ჭიქების გამოყენებას გულისხმობს, მეუფე მიქაელი ამბობს, რომ გარკვეული ცვლილებები ეკლესიას ამ წესში წინა საუკუნეებშიც შეუტანია.

“იყო გარკვეული პერიოდები, 100, 200 და 300 წლის წინ რაღაცები ხდებოდა, მაგრამ დედა ეკლესია იდგა თავის ადგილზე და იმარჯვებდა შიდა თუ გარე მტერზე, ბოროტ ძალებზე, ხილულზე თუ უხილავზე. ახლაც გაიმარჯვებს. ყველანი უნდა მოვიდეთ ეკლესიაში და ბოროტი ვერაფერს დაგვაკლებს"-, განაცხადა მეუფე მიქაელმა და დასძინა:

“ჩვენ ავტოკეფალური ეკლესია ვართ, ერი გვაბარია, გვაქვს ჩვენი სამშობლო, გვყავს პატრიარქი. მისი უწმინდესობის ხედვას და სულიერებას ვენდობი თავიდან ბოლომდე, ამიტომ ვემორჩილები ჩემს პატრიარქს”, - აღნიშნა მეუფე მიქაელმა.

კითხვაზე: შესაძლებელია თუ არა გარკვეული ცვლილებები სააღდგომო მსახურებაზე ვიხილოთ? -მეუფე მიქაელმა განაცხადა:

„პატრიარქი რასაც გვაკურთხებს და ღმერთი რასაც ინებებს, უნდა დავემორჩილოთ. ჯერ აღდგომამდე ერთი თვეა დარჩენილი და გვაქვს დრო რაღაც-რაღაცები განვიხილოთ“, - განაცხადა მეუფე მიქაელმა.

ცნობისთვის, დღეს პირველად მრევლმა ზიარების შემდგომ სიტკბოება ერჯერადი ჭიქებით მიიღო. ასევე პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში დილით 12:00 საათზე ზარები დაირეკა და სამი ლოცვა შესრულდა.

ლოცვები - „მამაო ჩვენო" , "ღვთისმშობელო ქალწულო" და "მოწყალებისა კარი განგვიღე" ყოველდღიურად დღეში სამჯერ მრევლმა უნდა წაიკითხოს. ასევე ყოველდღიურად უნდა იყოს წაკითხული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი, რომელიც იწყება ღვთისმშობლის კონდაკით -"ზესთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა".

ამასთან, პატრიარქის ბრძანებით, ყოველი წირვის შემდეგ სამღვდელოება ეკლესიებს და მის გარშემო მდებარე ქუჩებს ნაკურთხ წყალს ასხურებს.

სამშაბათს, 17 მარტს სამღვდელოების მიერ ქალაქის ძირითადი ქუჩებიც იკურთხება.

იხილეთ ვიდეო: ერთი თვეა დარჩენილი და გვაქვს დრო რაღაც-რაღაცები განვიხილოთ - მეუფე მიქაელი სააღდგომო ღვთისმსახურებაში ცვლილებებზე

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით