ადვოკატი მიიჩნევს, რომ „ვიტ ჯორჯიას“ მოთამაშე პაატა ღუდუშაურის მიმართ ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, დისკვალიფიკაციის თაობაზე, უნდა გაუქმდეს

„ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელის პაატა ღუდუშაურის დედა ხათუნა მწითური საფეხბურთო დავების განმხილველ სპორტული ტრიბუნალის სხდომაზე ელოდება, რომ ფეხბურთის სადისციპლინო კომიტეტის და დავების განსახილველი კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გაუქმდება.

როგორც მწითური გამარტავს, მას ამის მოლოდინი საქართველოს პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე აქვს.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ჩანიშნულია ტრიბუნალის სხდომა, ამ სხდომაზე ჩვენ ველოდებით ფეხბურთის სადისციპლინო კომიტეტის და დავების განმხილველი კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაუქმებას. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი, გაუქმების მოლოდინს გვიმყარებს საქართველოს პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. კერძოდ, კონკრეტულად ამ სისხლის სამართლის საქმეზე, კონკრეტულად პაატა ღუდუშაურზე მიღებული გადაწყვეტილების კუთხით. შესაბამისად, სიმართლე გითხრათ, სხვა მოლოდინები არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ფაქტობრივი მტკიცებულებებით, ბევრი გარემოებით საქართველოს პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ტრიბუნალი სადისციპლინო კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გააუქმებს “,-აცხადებს ხათუნა მწითური.

ფეხბურთელის ადვოკატი ნიკა სადრაძე კი აცხადებს, რომ პაატა ღუდუშაურისთვის სამუდამო დისკვალიფიკაციის მიცემის თაობაზე კომიტეტის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

„კომიტეტის გადაწყვეტილება რაც იყო, რომ სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს პაატა ღუდუშაურს მანამ, სანამ საქმე დამთავრდებოდა ან სასამართლოში წავიდოდა, ცალსახად დაუსაბუთებელი და უკანონოა. პროკურატურამ რამდენიმე ბრალდებულში გამოყო მარტო პაატა ღუდუშაური და ყველაზე მთავარი, სამართლებრივად რომ ყველამ იცოდეს, განარიდა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც და ნასამართლეობასაც, ეს გააკეთა დანაშაულის ქმედებაში მისი როლიდან გამომდინარე. ანუ, სხვების მიმართ საქმე სასამართლოში გრძელდება, პაატას მიმართ დევნა შეწყდა. რატომ უნდა იყოს ეს ტრიბუნალისთვის მნიშვნელოვანი? როცა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ყველას მიმართ ერთი და იგივე სასჯელის გამოყენების შესახებ, ვის რა როლი ჰქონდა ამ ქმედებაში, არ გამიჯნა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, რომელიც დევნის მთავარი ორგანოა, როლები გამიჯნა, ხოლო კომიტეტმა არ გამიჯნა. შესაბამისად, ტრიბუნალისთვის ცალსახად სავალდებულო და გასათვალისწინებელი უნდა იყოს ის გარემოება, რომ პაატა ღუდუშაურის როლი გამოიკვეთოს და მის მიმართ კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაუქმდეს. კვალიფიკაცია ტრიბუნალს უნდა ჰქონდეს, რადგან ასეთ დავას იხილავს.

პაატა ღუდუშაურის მხარემ წარადგინა ძალიან დიდი ხნით ადრე ტრიბუნალში უკვე ეს დოკუმენტაცია და მათ ეს უკვე შესწავლილი უნდა ჰქონდეთ. თუ შესწავლილი არ აქვთ, წვდომა იმისთვის მიემართება, რომ ჩვენ ვაჩვენოთ ეს დოკუმენტები და სამართლებრივად ავუხსნათ ყველაფერი რას ნიშნავს. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ტრიბუნალს კომიტეტის გადაწყვეტილება წაკითხული აქვს. შესაბამისად, თუ ტრიბუნალში კვალიფიციური ადამიანები არიან და მჯერა, რომ არიან, გადაწყვეტილების წაკითხვითაც მიხვდებიან, ყოველგვარი სხვა მტკიცებულებების გარეშე, რომ საქმე გვაქვს უკანონო გადაწყვეტილებასთან“,- განაცხადა სადრაძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მატჩების გარიგების საქმის გამო, თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთ მოთამაშეს - გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძესა და პაატა ღუდუშაურს საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალა, ხოლო თავად კლუბს ექვსი ქულა დააკლდა და 50 ათასი ლარით დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი საქმეზე ბრალდებულია, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს საფუძველზე გათავისუფლდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა