ლევან დავითაშვილი - ვმუშაობთ, რომ არ იყოს წყვეტა სურსათის მიწოდებაში და არ მოხდეს სპეკულაციურად ფასების გაზრდა და მომხმარებელი არ დაზარალდეს

ვმუშაობთ, რომ არ იყოს წყვეტა სურსათის მიწოდებაში და არ მოხდეს სპეკულაციურად ფასების გაზრდა და მომხმარებელი არ დაზარალდეს, -ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ქვეყანაში შექმნილია სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს.

ჯგუფის მუშაობის ფორმატში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მინისტრის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრას მსხვილი სასურსათო ქსელების, იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„პრემიერის დავალებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს ჯგუფი, რომელიც ხვდება მომწოდებლებს და არსებულ სიტუაციაში ქვეყანაში სურსათით უზრუნველყოფის მონიტორინგს ახორციელებს. რეგულარული მონიტორინგი და შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება როგორც იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან, ასევე მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან, რათა, ერთი მხრივ, არ იყოს წყვეტა სურსათის მიწოდებაში და, მეორე მხრივ, არ მოხდეს სპეკულაციურად ფასების გაზრდა და მომხმარებელი არ დაზარალდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, სურსათის დეფიციტის საფრთხე არ არსებობს.

შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა