გიგა ბოკერია - იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება საპენსიო შენატანის 8 თვით შეჩერების წინადადებას სერიოზულად განიხილავს

იმედი მაქვს, რომ ამ წინადადებას მაინც სერიოზულად განიხილავენ იმიტომ, რომ რეალური დახმარება ჩვენი მოქალაქეების, მეწარმეების და სახსრების გათავისუფლება ბიუჯეტიდან მოხდება ამ წინადადების შედეგად, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ სავალდებული საპენსიო შენატანის 8 თვით შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაში, დამსაქმებელსა და დასაქმებულებს ფული დარჩებათ და სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს დაზოგავს, რომელსაც სხვა რამისთვის გამოიყენებს.

„დღეს ბუნებრივია, რომ საზოგადოების მთელი ყურადღება მიპყრობილია ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხეზე, მთელ მსოფლიოში ასეა და მინდა, რომ ჩვენი გუნდის სახელით მადლობა ვუთხრა და მხარდაჭერა გამოვხატო ამ სფეროს ყველა წარმომადგენლის მიმართ, ვინც ამ საპასუხისმგებლო ფრონტზეა. ამავე დროს ჩვენ ყველანი დარწმუნებულები ვართ, რომ კაცობრიობა და ჩვენი ქვეყანა ამ ძალიან სახიფათო გამოწვევას დაძლევს და ამ დროს არ უნდა დაგვავიწდეს ეკონომიკა და ჩვეულებრივი მოქალაქეებისა თუ მეწარმეების კეთილდღეობა და მომავალი იმიტომ, რომ ეს პრობლემა დაიძლევა, ის სხვა პრობლემები კი, რომელსაც დატოვებს პანდემია, დარჩება და დააწვება ძალიან მძიმე ტვირთად ჩვენს მოქალაქეებს. სამწუხაროა, რომ მთავრობამ უარი თქვა „ევროპული საქართველოს” შეთავაზებაზე, რომ პერმანენტულად დაეწია გადასახადები და მეტი ფული დაეტოვებინა ადამიანებისთვის, მეწარმეებისთვის, ეზრუნა იმაზე, რომ ფასები არ გაიზადოს. სხვა გზა აირჩიეს, ცალკეულ სფეროებს დროებით ასესხეს ფული, ეს ჩვენი აზრით არ არის საკმარისი. ახლა გვაქვს ახალი წინადადება, ძალიან კონკრეტული, ე.წ. საპენიო ფონდთან დაკავშირებით. ჩვენი შეთავაზება არის მარტივი, რომ ამ შემდგომი 7-8 თვის განმავლობაში, ნოემბრამდე, ამ პერიოდში მაინც შეაჩერონ ეს პროგრამა. ამის შედეგად ფული დარჩება დასაქმებულს, დამსაქმებელს და სახელმწიფოხ დაზოგავს ბიუჯეტის ფულს, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული სხვა რაღაცებისთვის. იმედი მაქვს, რომ ამ წინადადებას მაინც სერიოზულად განიხილავენ იმიტომ, რომ რეალური დახმარება ჩვენი მოქალაქეების, მეწარმეების და სახსრების გათავისუფლება ბიუჯეტიდან მოხდება ამ წინადადების შედეგად”, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით „ევროპული საქართველო“ მთავრობას ინიციატივით მიმართავს, სავალდებული საპენსიო შენატანი 8 თვით შეჩერდეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა