დავით უსუფაშვილი - პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილი იზიარებს განწყობას, რომ საჭიროა ერთობა - ამის კონკრეტული და სწორი მექანიზმია ანტიკრიზისული და პოლიტიკური საბჭო

დღეს არის ვითარება, როდესაც ოპოზიციის უპირველესი მოვალეობაა არა ხელისუფლების შეცდომების და ნაკლოვანებების მხილება, არამედ ასეთი შესაძლო მხილებების და ნაკლოვანებების პრევენცია , - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, ისინი გამოდიან წინადადებით, რომ შეიქმნას ანტიკრიზისული და პოლიტიკური საბჭო, ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას კი ამ საერთო პრობლემის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი კოლეგების უდიდესი ნაწილი, პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა მხარეს, იზიარებს იმ განწყობას, რომ საჭიროა ერთობა დღეს. ამისი კონკრეტული და სწორი მექანიზმია ანტიკრიზისული და პოლიტიკური საბჭო, რომელიც მოგვცემდა საშუალებას, როგორც ჩვენი ძალისხმევის გაერთიანების, ასევე ხელისუფლების მხრიდან გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯებისადმი საზოგადოებაში მაღალი ნდობის უზრუნველყოფას და დააზღვევდა ჩვენს სახელმწიფოებრივ სისტემას შესაძლო გართულებებისგან. ჩვენ ვიცით, ამ მძიმე ვითარებას ქვეყანა შეხვდა ძალიან რთული პოლიტიკური მდგომარეობით. დაყოფილი საზოგადოება, დაპირისპირებული პოლიტიკური სპექტრი და სწორედ იმისთვის, რომ ამ პრობლემას ერთობლივი ძალებით შევებრძოლოთ საჭიროა ასეთი საბჭოს შექმნა“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ის ასევე შეეხო საგანგებო მდგომარეობის საკითხსაც და აღნიშნა, რომ თუ კონსტიტუცია იქნება ზედმიწევნით დაცული ასეთ შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობა იქნება გამოსავალი.

„მეორე საკითხი, ესაა საგანგებო მდგომარეობის თემა. მოგეხსენებათ, ამ საკითხს საქართველოს კონსტიტუცია არეგულირებს და თუ კონსტიტუცია იქნება ზედმიწევნით დაცული ასეთ შემთხვევაში, მაშინ საგანგებო მდგომარეობა იქნება გამოსავალი, ინსტრუმენტი გამოსავლისკენ და არა პრობლემა“,-აღნიშნა უსუფაშვილმა.

გარდა ამისა, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ასევე შეეხო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. მისი განმარტებით, თუ ისინი ყველა ერთად ეფექტურად იმოქმედებენ, საკონსტიტუციო ცვლილებებს პრობლემა არ შეექმნება.

„რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, მოგეხსნებათ, რომ კონსტიტუცია ითვალისწინებს გარკვეულ შეზღუდვებს ამავე კონსტიტუციაში შეტანის ცვლილების თვალსაზრისით, როდესაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ჩვენ ვთვლით, რომ ეფექტურად თუ ვიმოქმედებთ ყველა ერთად, კონსტიტუციურ ცვლილებებს პრობლემა არ შეექმნება. საერთო სახალხო განხილვა შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი თანამედროვე ონლაინსაშუალებებით და ამაზე კარგია, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმაც განაცხადეს, ხოლო როდესაც პარლამენტში მოუწევს პროექტს განხილვა დაახლოებით თვენახევრის შემდეგ იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი უკვე მოგვარებული იქნება. თუ რაიმე მიზეზის გამო ერთ-ორი კვირით კიდევ გადაიდო ამ პროცესმა, მაშინ ეს უნდა იყოს გონივრული გადადება. ისევ და ისევ მრავალპარტიული პოლიტიკური ჩართულობა იქნება ამისი გარანტი, რომ თემა, რომელიც ერთი წელია გაგვიჯანჯლდა აღარ გადაიდება უსაფუძვლოდ და ერთი-ორი კვირის გადადებას მოვითმენთ, ავიტანთ, ყველა გავითვალისწინებთ ამ ამბავს თუ ესაა გონივრული გადავადება. ასე რომ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ მივმართვათ ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ გავერთიანდეთ ამ საერთო საფრთხის წინააღმდეგ, დავიცვათ კონსტიტუცია და კანონები, გამოვიჩინოთ საღი ნება, პოლიტიკური გამჭრიახობა და ყველაფერი კარგად იქნება ბოლოში“,-დასძინა დავით უსუფაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო