თორნიკე რიჟვაძე - მოვუწოდებ ყველა სასურსათო ქსელის მფლობელს, რომ არ მოხდეს სიტუაციის არაკეთილსინდისიერად გამოყენება და ფასების სპეკულაციური ზრდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში სასურსათო პროდუქტების მარაგთან დაკავშირებით შეფერხებები არ არის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

ის მოუწოდებს ყველა სასურსათო ქსელის მფლობელსა და მეპატრონეს, რომ სიტუაცია არაკეთილსინდისიერად არ გამოიყენონ და პროდუქტებზე ფასებს არ გაზარდონ.

„რეგიონში ჩვენ არ გვაქვს რაიმე არსებითი შეფერხება ან გამოწვევა სასურსათო პროდუქტებით მომარაგებასთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო და ვთხოვო ყველა სასურსათო ქსელის მფლობელს, ასევე მეპატრონეებს, რომ არ მოხდეს სიტუაციის არაკეთილსინდისიერი გამოყენება და არ ჰქონდეს ადგილი სპეკულაციურ ზრდას ფასებთან მიმართებაში. არ უნდა მივიღოთ სიტუაცია, როცა მოქალაქეების, ხალხის და ქვეყნის გასაჭირის ხარჯზე ვინმე სპეკულაციურად ახდენდეს ფასების ზრდას“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს ჩაერთონ კორონავირუსთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებებში და დაეხმარონ მოქალაქეებს.

„ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე გამოხატავს მზადყოფნას ჩაერთოს მოხალისედ ამ პროცესში. თუმცა, ამ დროისთვის ამის საჭიროება არ დგას.

პანიკის არანაირი საფუძველი არ გვაქვს. ახლა არ არის უიმედობისა და ნიჰილიზმის დრო. პირიქით, არის გვერდში დგომის დრო და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთიანობით შევძლებთ ამ გამოწვევას ძალიან ეფექტურად ვუპასუხოთ და ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო