ეკა ბესელია დეპუტატებს - ნინო ქადაგიძის კანდიდატურის მხარდაჭერა არის წარსულთან ზავი და მოგიწოდებთ, რომ გადადოთ ეს საკითხი, არ დაუჭიროთ მხარი

ნინო ქადაგიძის კანდიდატურის მხარდაჭერა არის წარსულთან ზავი და მე მოგიწოდებთ, რომ გადადოთ ეს საკითხი, არ დაუჭიროთ მხარი და არ უყაროთ კენჭი ამ კანდიდატურას, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ბესელიას თქმით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურის განხილვა ნაჩქარევად და პროცედურების დარღვევით მოხდა.

“ძალიან მნიშვნელოვანია თემა, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას. არ შეიძლება რეგლამენტი დაარღვიო და არ შეიძლება ნაჩქარევად განიხილო ისეთი საკითხი, რომელზეც დამოკიდებულია სახელისუფლებო ერთი დიდი შტოს რეპუტაცია, მისი ავტორიტეტი, სახელმწიფოს მდგრადობა და უსაფრთხოების თემა. გუშინ იურიდიულმა კომიტეტმა სამუშაო ჯგუფი შექმნა, გუშინვე განიხილა და თითქოს, რაღაც შეისწავლა, დაასკვნა და დღეს, სესიის დაწყებამდე კომიტეტზე იხილება ნაჩქარევი მოსმენა, მაშინ როდესაც რეგლამენტი კრძალავს ასეთი საკითხის განხილვას ასეთი პროცედურით სასესიო კვირაში. ეს არის ამ დღეებში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა კანონის დაუცველად და რეგლამენტის დარღვევით. ამას არაფერი გამართლება არ აქვს იმიტომ, რომ ფორსმაჟორში არ იმყოფება დღეს სასამართლო. წელიწადზე მეტია სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს სხვა. არავითარი კოლაფსი ახლა სასამართლოს არ აქვს და სწორედ ასეთი ნაჩქარევი და მოუმზადებელი გადაწყვეტილებების გამო ყველაზე კრიტიკული იყო ის შეფასებები, რომელიც ამ პროცესის გამო მიიღო საქართველომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან. გარდა იმისა, რომ ის ნაჩქარევია, ამავე დროს გასათვალისწინებელია საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაცია, რომ ახალმა პარლამენტმა და ახალმა იუსტიციის საბჭომ განახორციელოს ეს პროცედურა, რომელსაც ექნება მეტი ნდობა და მეტი მხარდაჭერა“, - განაცხადა ბესელიამ.

როგორც მან აღნიშნა, ნინო ქადაგიძე ძალადობრივი სისტემის წარმომადგენელია.

„მიუხედავად იმისა, რომ პერსონალურად არ მინდა დავახასიათო წარმოდგენილი კანდიდატურა, ის განასახიერებს წარსულს და იმ ძალადობრივი სისტემის წარმომადგენელია სასამართლო სისტემაში, რომელზეც „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა და მასთან საბრძოლველად იდეა შექმნა და ამ იდეით მოვიდა“, - განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. კომიტეტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით, ნინო ქადაგიძის კანდიდატურა უზენაესი სასამართლო თავმჯდომარის მოთხოვნებს შეესაბამება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო