ირაკლი კობახიძე - დავიწყებთ პოლიტპატიმრების ძებნას და თუ ვიპოვით, მაშინ რეაგირება გვექნება ოპოზიციის მოთხოვნებზე

ვიდრე გაგრძელდება განხილვები, ჯერ საყოველთაო განხილვის ფორმატში და შემდეგ საპარლამენტო განხილვის ფორმატში, მანამდე დავიწყებთ პოლიტპატიმრების ძებნას და თუ ვიპოვით, მაშინ რეაგირება გვექნება ამ მოთხოვნებზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების ლიდერების მოთხოვნას პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

როგორც კობახიძემ განაცხადა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების დოკუმენტში წერია, რომ საყოველთაო სახალხო განხილვა პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს.

„შეთანხმების ტექსტში წერია სწორედ ის, რომ ყოველგვარი პოლიტიკური გავლენა ამ პროცესებზე უნდა იყოს გამორიცხული. შესაბამისად, ჩვენ ვართ მოკლებული საშუალებას, რომ პოლიტიკური გავლენა მოვახდინოთ ამ პროცესზე. სწორედ ამაზე მიუთითებს ეს დოკუმენტი და არა საპირისპიროზე, რასაც მიუთითებს ოპოზიცია, ეს არის დღესავით ნათელი“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი თუ რა ფორმატში ჩატარდება საყოველთაო სახალხო განხილვა.

„დღეს შეიქმნა საორგანიზაციო კომისია, სავარაუდოდ დღესვე 17:00 საათზე შევიკრიბებით და მიიღება გადაწყვეტილებები საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, მასშტაბური არ იქნება ეს საყოველთაო სახალხო განხილვა, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე არის განხილული ეს საკითხი საზოგადოებაში. შესაბამისად, მინიმალისტური მიდგომით, დისტანციური საშუალებების გამოყენებით შევეცდებით დავასრულოთ სათანადო ვადებში და უკვე ერთი თვის შემდეგ გვექნება საბოლოო ჯამში ჩვენ საპარლამენტო განხილვის დაწყების საშუალება. არ არის გამორიცხული ჩვენ გამოვიყენოთ დისტანციური კომუნიკაციის ფორმები, საზოგადოებრივი მაუწყებლის დახმარება, მათ შორის აჭარაში. ფორმაზე ვიმსჯელებთ და ამის საუძველზე შეირჩევა კონკრეტული ფორმატი, რა ფორმატშიც ჩატარდება საყოველთაო სახალხო განხილვა“, - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა