უზენაესი სასამართლო ნინო ქადაგიძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

უზენაესი სასამართლო ნინო ქადაგიძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„ინტერპრესნიუსი“ სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს, 17 მარტს, საქართველოს პარლამენტმა დეპუტატთა 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე აირჩია, რომელიც უზენაეს სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს ნინო ქადაგიძის კანდიდატურა 2020 წლის 11 მარტს წარუდგინა. საპარლამენტო სესიის კენჭისყრამდე დეპუტატებმა ნინო ქადაგიძეს მოუსმინეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, სადაც პარლამენტის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ ასევე დაესვათ შეკითხვები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატისთვის მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

ნინო ქადაგიძემ თავის გამოსვლაში მოღვაწეობის მთავარ მიზნად დაასახელა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების განმტკიცების გზით ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დამყარებული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და მაღალი ხარისხის მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. ასევე ისაუბრა რამდენიმე მნიშვნელოვან გამოწვევაზე, რაც დღეს სასამართლოს წინაშე დგას და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას და მის დაცვას, მაღალი ხარისხის კომპეტენტური სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას. ,,მოსამართლე დაცული უნდა იყოს არა მხოლოდ გარეშე ზეგავლენისაგან, არამედ სასამართლოს შიგნით არსებული შესაძლო ზემოქმედებისაგან. სასამართლოს შიგნით დამოუკიდებლობა მოითხოვს, რომ ცალკეული მოსამართლე გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავისუფალი იყოს მითითებისა ან/და ზეწოლისაგან, რაც პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს თავმჯდომარის მხრიდან. თავმჯდომარე უნდა იყოს გარანტი იმისი, რომ მოსამართლე დაცული იქნება ნებისმიერი გარე თუ შიდა ზეწოლისაგან“, - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ასევე გაამახვილა ყურადღება საქმეთა რაოდენობაზე და იმ დიდ ნაკადზე, რომელიც დაუსრულებლად მოდის სასამართლოში, სასამართლოში საჭირო ინფრასტრუქტურისა და სერვისების დახვეწაზე, მოსამართლეთა პროფესიული ცოდნის ამაღლებაზე და იუსტიციის უმაღლესი სკოლის როლზე, მოსამართლეთა სოციალური გარანტიებისა განმტკიცებაზე და რაც მთავარია საზოგადოებასთან მჭიდრო ურთიერთობის აუცილებლობაზე მედიის ფართო ჩართულობით. ,,უფლება ინფორმაციაზე კვლავ რჩება პრინციპად. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საზოგადოების ინტერესი მოითხოვს მასმედიასთან აუცილებელ თანამშრომლობას რა მიზნითაც უნდა განვითარდეს სპიკერის ინსტიტუტი. სასამართლოში ეს ინსტიტუტი დანერგილია, მაგრამ განსაკუთრებული ეფექტურობით მაინც და მაინც არ გამოირჩევა. ვფიქრობთ ამ პირების დატრენინგება უნდა მოხდეს. ეს პირები იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც უშუალო კონტაქტში იქნებიან მედიის წარმომადგენლებთან და ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესის სფეროში ექცევა, ბუნებრივია კანონის ყველა მოთხოვნათა დაცვით მიეწოდებათ“,- განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა