მამუკა ხაზარაძე - ჩემი ოჯახი გააკეთებს 100 ათასი ლარის პირველ კონტრიბუციას მოქალაქეების დასახმარებლად შექმნილ სხვადასხვა ფონდში

ვაპირებ ჩემი პირადი ფინანსური წვლილი შევიტანო ჩვენ წინაშე მდგომ ურთულეს გამოწვევებთან გასამკლავებლად, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

,,ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, მრწამსისა და დამოკიდებულებებისა, ვახერხებდით გაერთიანებას ჩვენ წინაშე მდგომ ურთულეს გამოწვევებთან გასამკლავებლად.

დღეს ზუსტად ასეთი პრობლემის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და ჩვენ გვჭირდება ერთიანობა!

მე აღარ ვარ ბიზნესში, ვარ პოლიტიკაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვაპირებ, ჩემი პირადი ფინანსური წვლილი შევიტანო ამ საქმეში. ასევე, მივმართავ და მოვუწოდებ ჩემს ყოფილ ბიზნეს პარტნიორებს და მეგობრებს - გავერთიანდეთ და აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

დღეს ჩვენ უკვე ვხედავთ ექიმებისგან სამოქალაქო გმირობის მაგალითებს, ასევე სამოქალაქო თვითორგანიზებას, რომელიც მისაბაძი და მხარდასაჭერია. მაგალითად, ახალგაზრდა ადამიანებმა შექმნეს ჯგუფი „დავეხმაროთ მოხუცებს“ და ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნავენ. Covid 19-ის გავრცელების წინააღმდეგ შეიქმნა პლატფორმა „ერთიანობა“, რომელიც ახდენს მოხალისეების მობილიზებას, მუშაობს ვებგვერდი, რომელიც იმ მოსწავლეებს ეხმარება ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს და დისტანციურ გაკვეთილებს ვერ იღებენ, ბიზნეს-ომბუდსმენთან იქმნება საკოორდინაციო პლატფორმა. ყველა ასეთი ინიციატივა მისაბაძია. ვუერთდები და მივესალმები.

მე, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე მამუკა ხაზარაძე, მიუხედავად იმისა, რომ მოგონილი ბრალდების საფუძველზე დაყადაღებული მაქვს პირადი ანგარიშები, - ჩემი ოჯახი გააკეთებს 100 ათასი ლარის პირველ კონტრიბუციას მოქალაქეების დასახმარებლად შექმნილ სხვადასხვა ფონდში. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გაერთიანებისა და სოლიდარობისკენ! - ერთობით ჩვენ ამ განსაცდელზე გავიმარჯვებთ!’’ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა