ნინო ბურჯანაძე -  მიუხედავად პანდემიისა, პოლიტიკური პროცესი არ უნდა გაჩერდეს

,,ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე არასწორად მიიჩნევს პოლიტიკური საკითხების იგნორირებას და აცხადებს, რომ არ შეიძლება მთელი დღის მანძილზე ტელევიზიები მხოლოდ პანდემიის შესახებ გადმოსცემდნენ - ეს აღვივებს პანიკას და მეტად სტრესულ ვითარებას ქმნის.

,,ბუნებრივია, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დღეს ფოკუსირებულია ეპიდემიოლოგიურ და ეკონომიკურ პრობლემებზე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანმა პროფესიიდან გამომდინარე თავისი საქმის კეთება შეძლებისდაგვარად უნდა გააგრძელოს, ცხოვრება გრძელდება. მიმაჩნია, რომ ექიმმა თავისი საქმე უნდა აკეთოს, პედაგოგმა თავისი, ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმაც თავისი. თუ მთელი დღის მანძილზე ტელევიზიით მხოლოდ კორონავირუსზე იქნა საუბარი, ეს უარესად დაძაბავს საზოგადოებას, მომენტებში, ცოტა ყურადღების გადატანაც უნდა მოხდეს, მსგავსი მეთოდი ხანდახან ხელოვნურადაც კი არის დაშვებული", - აღნიშნავს ნინო ბურჯანაძე.

არის თუ არა დღეს პოლიტიკური საკითხების განხილვის დრო - ამაზე ნინო ბურჯანაძე პასუხობს, რომ ჩასაფრების დრო არ არის.

,,ასევე დაუშვებლად მიმაჩნია ისეთ საკითხებზე კამათი და ოპონირება, რომელიც ახლა მეორე პლანზე არის გადასული. მაგრამ, საერთოდ თუ გაჩერდა პოლიტიკური პროცესი, პანდემიის შემდეგ ეს გაცილებით რთულ პრობლემებს შეგვიქმნის", - აღნიშნავს ნინო ბურჯანაძე.

პარტიის ლიდერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ,,ქართული ოცნების" მხრიდან ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს მოტყუების და დაპირებების უკან წაღების, მას მაინც მიაჩნია, რომ ხელისუფლება ახლა იგივე შეცდომას არ გაიმეორებს.

,,დღეს აბსოლუტურად გულწრფელად გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლების მხრიდან კორონავირუსი გამოყენებულ იქნას ,,პოლიტიკური თაღლითობისთვის", მითუმეტეს ითქვა, რომ საკონსტიტუციო განხილვები ონლაინ რეჟიმში უნდა განხორციელდეს",- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა