მარიამ ჯაში - ვიდრე „აგრესიული“ ტესტირება იქნება შესაძლებელი, უნდა გადავიდეთ მოსახლეობაში კორონავირუსის აქტიურ ზედამხედველობაზე, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩართულობით

ვიდრე „აგრესიული“ ტესტირება იქნება შესაძლებელი, საქართველო უნდა გადავიდეს მოსახლეობაში კორონავირუსის აქტიურ ზედამხედველობაზე, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩართულობით, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ჯაშმა აღნიშნა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პირობებში, მისი ფრაქციის ორი მთავარი რეკომენდაციაა „აგრესიული" ტესტირება და მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის პროაქტიული შეგროვება.

„COVID-19 პანდემიის პირობებში, დღემდე საქართველომ ეფექტურად მართა სასაზღვრო ზონებში მაღალი რისკის ჯგუფების ეპიდემიოლოგიური მონიტორინგი, საკარანტინო, სამკურნალო და კონტაქტების კვლევის ღონისძიებები. თუმცა, კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები საქართველოში სავარაუდოდ, გაიზრდება და ეს არ უნდა გახდეს პანიკის საფუძველი.

რამდენიმე დღეში ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის გლობალური საპარლამენტო კავშირი UNITE გამოაქვეყნებს ოფიციალურ პოზიციას, ამ ეტაპზე კი მინდა გაგიზიაროთ ჩვენი ფრაქციის ორი ძირითადი რეკომენდაცია:

  1. სამხრეთ კორეისა და ჩინეთის გამოცდილებით, ჩვენს პირველ რეკომენდაციად კვლავაც რჩება კორონავირუსის შემთხვევების დროული გამოვლენა ფართომასშტაბიანი „აგრესიული“ ტესტირებით. შესაბამისად, მთავრობამ უნდა გამოიყენოს როგორც საკუთარი რესურსი, ასევე ბიზნესსექტორის დაფინანსება და შეიძინოს სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტების რაც შეიძლება მეტი რაოდენობა.
  2. რადგან მომდევნო 2 კვირა განსაკუთრებით საყურადღებოა და ამ პერიოდში „აგრესიული“ ტესტირება ვერ ჩატარდება, ჩვენი მეორე რეკომენდაციაა, რომ ჯანდაცვის სექტორი გადავიდეს მოსახლეობაში კორონავირუსის აქტიურ ზედამხედველობაზე, ანუ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის პროაქტიულ შეგროვებაზე.

დღემდე თუკი მთავარი აქცენტი კეთდებოდა ჰოსპიტალური სექტორის მზაობაზე, მოსახლეობის აქტიურ ზედამხედველობაში მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის გააქტიურება, რაც მოსახლეობის 90%-ზე მეტის მოცვის საშუალებას მოგვცემს,"- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასა და კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული სოფლის ექიმები, პოლიკლინიკები და ამბულატორიები სტანდარტული კითხვარით თავად უნდა დაუკავშირდნენ მათთან რეგისტრირებულ ოჯახებს ტელეფონით ყოველკვირეულად, ან მომდევნო 4 კვირის მანძილზე სულ მცირე 2-ჯერ.

„კითხვარი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის COVID-19 -ის გლობალური ზედამხედველობის რეკომენდაციებში კორონავირუსის „საეჭვო შემთხვევის“ დეფინიციაზე დაყრდნობით უნდა შემუშავდეს.

სატელეფონო გამოკითხვით შესაძლებელი იქნება, დადგინდეს ოჯახის რომელიმე წევრს ხომ არ აღენიშნება კორონავირუსზე საეჭვო ნიშნები, ხომ არ ჰქონიათ მოგზაურობის საყურადღებო ისტორია ან შესაძლო კავშირი ვირუსით ინფიცირებულ პირებთან. შედეგად შესაძლებელი იქნება, კორონავირუსით სავარაუდოდ ინფიცირებული პირების უფრო აქტიური გამოვლენა, მათი მიზნობრივი ტესტირება, დროული და წარმატებული მკურნალობა.

ამასთანავე, სატელეფონო საუბრით შესაძლებელი იქნება, დეტალური ინფორმაციის მიწოდება, როგორ უნდა მოიქცეს და ვის მიმართოს ოჯახმა კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენის ან მათზე ეჭვის შემთხვევაში.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომელთაც არ აქვთ მოქმედი სამედიცინო დაზღვევა საქართველოში, აქტიური ზედამხედველობა შესაძლოა დამატებით განხორციელდეს განათლებისა და ტურიზმის სექტორის ჩართულობით. უნივერსიტეტებს სტუდენტებისა და პედაგოგიური კორპუსის დახმარებით შეუძლიათ, ანალოგიური სატელეფონო გამოკითხვების განხორციელება ყველა უცხოელ სტუდენტთან, რომელიც მათთან სწავლობს,"- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა