შპს „საქნახშირი“ „ძიძიგურის შახტის“ თანამშრომლების საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავს

შპს „საქნახშირი“ გასული თვის განმავლობაში ტყიბულში, „ძიძიგურის შახტში“ დასაქმებული პირების მხრიდან უფლება-მოვალეობების შეუსრულებლობისა და სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობის გამო მათი ანაზღაურების საკითხს აქტიურად განიხილავს და ცდილობს, ოპტიმალური გამოსავალი მოძებნოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „საქნახშირიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, საკითხი ეხება მიმდინარე წლის თებერვალში მეშახტეების მიერ რამდენიმე დღის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე გამოუცხადებლობისა და საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობის საკითხს, რის გამოც კომპანიის კანონიერი ინტერესი შეილახა, დაირღვა ოპერირების უწყვეტი ციკლი და კომპანიამ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა.

„მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის თებერვალში დასაქმებულებს არაერთი გაცდენილი დღე ჰქონდათ, კომპანია ტყიბულის შახტების სოციალურ მნიშვნელობას სრულად აცნობიერებს, შესაბამისად, შპს „საქნახშირის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, სიტუაციის გარკვევის მიზნით, პროფკავშირებისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა, რომლის შედეგადაც, კომპანიამ გარკვეული კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო - მხარეებს შორის შეთანხმების საფუძველზე შედგა ოქმი, რაც შპს „საქნახშირის“ მხრიდან - განაცდური სამუშაო დღეების ანაზღაურებას, ხოლო მეშახტეების მხრიდან სამუშაო პროცესის განახლებას ითვალისწინებს.

შესაბამისად, შპს „საქნახშირის“ მენეჯმენტის კეთილი ნებით, დასაქმებულები თებერვლის კუთვნილ ანაზღაურებას თითქმის სრულად მიიღებენ. გამონაკლისია თებერვლის გაცდენილი 6 დღის ანაზღაურების საკითხი. საუბარია 10 თებერვლიდან 12 თებერვლის ჩათვლით, ასევე, 24-27 თებერვლის პერიოდზე, როდესაც დასაქმებულები სამუშაო ადგილებზე არ გამოცხადდნენ.

აღსანიშნავია, რომ მეშახტეები მიმდინარე წლის 10-12 თებერვალს სამუშაო ადგილებზე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ მივიდნენ, რაც შეეხება 24-27 თებერვალს, აღნიშნულ პერიოდში შპს „საქნახშირის“ მიერ ოფიციალური ბრძანება ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, „ძიძიგურის შახტის“ თანამშრომლები სამუშაოდ „მინდელის შახტზე“ უნდა გადასულიყვნენ. მათ განემარტათ, რომ აღნიშნული დროებითი ღონისძიება განპირობებული იყო მეშახტეთა სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვით. კერძოდ, ძიძიგურის შახტის ამწე-დანადგარზე ბაგირებს ექსპლუატაციის ვადა ამოეწურა და შეცვლას საჭიროებდა, რაც რამდენიმე კვირას მოითხოვდა, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი შახტის ჩასასვლელი გაიხსნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ დასაქმებულებს აღნიშნული ბრძანება და მისი საფუძველი მკაფიოდ განუმარტა, 24-27 თებერვლის ჩათვლით, „ძიძიგურის შახტის“ თანამშრომლები სამუშაო ადგილზე მაინც არ გამოცხადდნენ და სამსახურში მხოლოდ 28 თებერვალს მივიდნენ.

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, შპს „საქნახშირმა“ საკუთარი დასაქმებულების ინტერესები კიდევ ერთხელ გაითვალისწინა და მიიღო კომპრომისული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც „ძიძიგურის შახტის“ თანამშრომლებს ეს პერიოდიც აუნაზღაურდებოდათ, თუმცა, კუთვნილი შვებულების ხარჯზე და იმ შემთხვევაში, თუკი თანამშრომლები კომპანიას კუთვნილი საშვებულებო დღეების გამოყენების შესახებ განცხადებით მიმართავდნენ.

აღნიშნულის შესახებ კომპანიამ დასაქმებულებს აცნობა, თუმცა მათ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. შესაბამისად, შეთანხმება ვერ შედგა. საინიციატივო ჯგუფმა შპს „საქნახშირს“ შემხვედრი წინადადებითა და შემუშავებული შეთავაზებით თავად მიმართა, რომლის თანახმადაც, კომპანია თანამშრომლებს თებერვლის თვის სრულ ანაზღაურებას იმ შემთხვევაში მისცემდა, თუკი მარტის თვეში „ძიძიგურის შახტზე“ დასაქმებული პირები შრომით პროცესს განაახლებდნენ.

შპს „საქნახშირი“ აღნიშნულ ინიციატივასაც დასთანხმდა, რაც შეხვედრის ოქმითაც დაადასტურეს. თუმცა, შეთანხმების მიუხედავად, მომდევნო დღეს, 14 მარტს, „ძიძიგურის შახტში“ დასაქმებული პირები სამსახურში მაინც არ გამოცხადდნენ, შეთანხმება დაარღვიეს და მის შესრულებაზე უარი განაცხადეს. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კომპანია იძულებული გახდა, თებერვლის თვის ზემოაღნიშნული გაცდენილი 6 სამუშაო დღე არ აანაზღაუროს. მოვლენების არათანამიმდევრული განვითარების მიუხედავად, კომპანია მზად არის, მოლაპარაკების პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში განაახლოს და ამ მიზნით პროფკავშირის წარმომადგენლებს მოუწოდებს, დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და სხვა სოციალური კეთილდღეობის მიღწევის უზრუნველსაყოფად მოლაპარაკების პროცესში ჩაერთონ. ამავე დროს, პროცესში მონაწილე გარკვეულ პირებს მოუწოდებს, ნუ მოახდენენ პროცესის დესტრუქციას და შექმნილ ვითარებას ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე ნუ გამოიყენებენ.

შპს „საქნახშირი“ კვლავ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კომპანიაში არსებული შრომის უსაფრთხოების დამკვიდრება მისთვის პრიორიტეტულია და მზად არის, ამ მიზნის უზრუნველსაყოფად შესაბამის დასაქმებულთა გაერთიანებებთან აქტიურად ითანამშრომლოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა