გიორგი ვაშაძე - ქართული ბიზნესი ხელფასებს ვერ გასცემს, უზარმაზარი პრობლემების წინაშეა და ახლა ფინანსთა სამინისტრომ მათ დაადო ინკასო

პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოში მოქმედ ბიზნესს, მასიურად ინკასო დაადო. მისივე თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ამ უმძიმეს სიტუაციაში კიდევ უფრო მეტად უნდა, „ყელში წაუჭიროს ქართულ ბიზნესს“.

როგორც ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მათ ასობით ადამიანი ურეკავთ, რომელთაც თანამშრომლებისთვის ხელფასი უნდა გაეცათ და ვერ ახერხებენ, რადგან მათი ანგარიშები გაყინულია.

„დღევანდელი ჩემი განცხადება ეხება ორ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს და მინდა ამაზე აუცილებლად გავამახვილოთ ყურადღება. პირველი ეს არის, რომ დღეს მასიურად საქართველოში მოქმედ ბიზნესს ინკასო დაადო ფინანსთა სამინისტრომ. 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც უნდოდათ, ინკასო გადაწიეს და არ დაადეს ბიზნესს. ხომ გესმით რა ვითარებაშია დღეს ქართული ბიზნესი? ხელფასებს ვერ გასცემს, უზარმაზარი პრობლემების წინაშეა და ახლა ფინანსთა სამინისტრომ მათ დაადო ინკასო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ უმძიმეს ვითარებაში კიდევ უფრო უნდათ, რომ ყელში წაუჭირონ ქართულ ბიზნესს. ასობით ადამიანი გვიკავშირდება, ხელფასები უნდა გაეცათ და ვერ გასცემენ იმიტომ, რომ მათი ანგარიშები გაყინულია. ფინანსთა სამინისტროს უნდა ჰქონდეს კონკრეტული სამუშა გეგმა თუ როგორ იმოქმედონ ამ მიმართულებით,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთანავე გიორგი ვაშაძემ კორონავირუსის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა ხელისუფლება ბიუროკრატიას შეეშვას და ყოველგვარი რეგულაციები კორონავირუსის ინფიცირების შესამოწმებელი ტესტების შემოტანაზე გაუქმდეს. მისივე თქმით, აუცილებელია პროგრამაში ყველა კერძო ლაბორატორიის ჩართვა.

„რაც შეეხება მეორე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, მე მინდა საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ მივმართო. ვირუსთან ბრძოლა, ტელევიზიებთან კეკლუცობა და ბრიფინგის, ბრიფინგზე ჩატარება არ არის. ეს არის კონკრეტული საქმის კეთება. დღეს საქართველოში მთავარი პრობლემა არის ის, რომ სწრაფი ტესტები ვერ კეთდება კორონავირუსთან დაკავშირებით. მაშინ როდესაც მთელს მსოფლიოში, ყველა ქვეყანაში ეს უკვე არის. გამოვიდა დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელიც გვეუბნება, რომ რაღაც ბიუროკრატიული პროცედურიდან გამომდინარე 5 კომპანიას უარი უთხრეს ტესტების შემოტანაზე. ეპიდემიის ზღვარზე ვართ, ყველას უნდა, რომ ტესტი გაიკეთოს, რათა დარწმუნდეს, რომ მას არ აქვს ეს დაავადება. თქვენ კი ამ დროს ბიუროკრატიაში ხართ ჩაფლულები. გამოსავალი არის ძალიან მარტივი, ყველა კერძო ლაბორატორია უნდა ჩართოთ ამ პროგრამაში. ხელის შეშლა მყისიერად უნდა მოიხსნას, ყოველგვარი რეგულაცია უნდა მოიხსნას ტესტების შემოტანასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს