შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 16 მარტიდან ონლაინ სწავლება დაიწყო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 16 მარტიდან ონლაინ სწავლება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უნივერსიტეტის ადინისტრაციიდან აცნობეს, ამ დრომდე, ლექციები აკადემიური კალენდრის მიხედვით მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, ონლაინ სწავლება, როგორც აკადემიური პერსონალისთვის, ისე სტუდენტებისთვის ახალი გამოწვევაა.

"ონლაინ-ლექცია თითქმის არაფრით განსხვავდება რეალური საკამპუსო ლექციისგან. იყო მოსაზრება, რომ გადასვლა საკმაოდ რთული პროცესი იქნებოდა და ლექტორებსა და სტუდენტებს შეეზღუდებოდათ ინტერაქციის შესაძლებლობები. თუმცა, საბოლოოდ, სრულიად საპირისპირო სიტუაციაში აღმოვჩნდით. პრობლემების გარეშე მიმდინარეობს მასალის ახსნა, სემინარებისა და გამოკითხვების ჩატარება, ვიდეო და აუდიო მასალების გამოყენება, ქვიზების წერაც კი. ამასთან ერთად, ვართ უსაფრთხოდ, სახლებში და ძალიან პროდუქტიულად ვიყენებთ კარანტინის პერიოდს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სულ რაღაც ორი-სამი დღე დასჭირდა იმისთვის, რომ დაენერგა სრულიად ახალი ონლაინ სწავლების მეთოდი. ტრანსფორმაცია პრობლემებთან არ არის დაკავშირებული. პირველ რიგში იმიტომ, რომ უნივერსიტეტი ისედაც აქტიურად იყენებდა ონლაინ პლატფორმას შესაბამისი პრეზენტაციებით და სახელმძღვანელოებით. Google-ის Hangouts Meet პლატფორმის გამოყენებით კი სტუდენტებს შესაძლებლობა გვაქვს საუნივერსიტეტო ცხრილით განსაზღვრულ დროს დავესწროთ ლექციებს და გვქონდეს აქტიური კონტაქტი ლექტორებთან“, - აცხადებს ბიზნეს ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამის, პირველი კურსის სტუდენტი, სერგო შაგინოვი. იბსუს ლექტორის, ხატია მარკოზაშვილის თქმით, დისტანციურად მუშაობა მისთვის პირველ რიგში, სიახლე და ახალი გამოწვევაა. მისივე თქმით, ამ დრომდე არსებული პროცესი პროფესიულად სხვა კუთხით დაინახა: "სტუდენტებს რაც შეეხება, ონლაინ დასწრება საკმაოდ მაღალია, აქედან შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ დადებითად შეხვდა უმრავლესობა. პროცესი ჩემთვის მარტივად მიმდინარეობს“, - განაცხადა ხატია მარკოზაშვილმა.

ასოცირებული პროფესორი ირაკლი ღვთისიაშვილიც მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტი საკმაოდ მომზადებული შეხვდა ახალ საფეხურზე გადასვლას: "იბსუ შეხვდა სრულად მომზადებული, სისტემა სრულად გამართულია. სტუდენტები არ აგვიანებენ ლექციაზე, შესაძლებელია ნებისმიერი ლოკაციიდან ჩართვა“, - განაცხადა ირაკლი ღვთისიაშვილმა.

ამერიკისმცოდნეობის პროგრამის სტუდენტი, ნინო სადუნიშვილი აღნიშნავს, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ოპტიმალური გამოსავალი სწორედ ონლაინ სწავლებაზე გადასვლა იყო. "ძალიან მომწონს ის სისტემა, რომელსაც უნივერსიტეტი იყენებს. მოქნილია, ნაკლები ხარვეზები აქვს და რაც მთავარია, სტუდენტები არ წყვეტენ განათლების მიღებას. ჩვენმა უნივერსიტეტმა კვირაზე ნაკლებში შეძლო ონლაინ რეჟიმზე გადასვლა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უნივერსიტეტში მანამდე მოხდა სანიტარული წმენდა, კორონავირუსის საქართველოში დაფიქსირების პირველივე შემთხვევიდან," - განაცხადა ნინო სადუნიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა