არჩილ თალაკვაძე - უზრუნველვყოფთ, რომ შექმნილი ვითარება მინიმალურად აისახოს პოლიტიკური პროცესის კალენდარზე და შევძლოთ იმ ვალდებულებების შესრულება, რაზეც პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კორონავირუსის გავრცელება მაქსიმალურად შეაკავოს და ეკონომიკაზე ზიანი მინიმალური იყოს.

როგორც თალაკვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სხდომაზე სამი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.

“სახელმწიფო ამ მომენტისთვის აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება და ასევე, მინიმალური იყოს ზიანი ჩვენს ეკონომიკაზე, რომელიც საბოლოო ჯამში თითოეულ ოჯახზე აისახება. ჩვენ შევთანხმდით და განვიხილეთ საკითხები, რომელიც ძირითადად სამ მნიშვნელოვან თემას ეხება:

პირველი - ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანმრთელობა, სადაც ყველა შესაძლო ზომა და ყველა შესაძლო ნაბიჯი არის გადადგმული, როგორც პრევენციის მიმართულებით, ასევე კლინიკური და მკურნალობის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ზედმიწევნით ყველა მოქალაქემ გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენი ჯანდაცვის სამსახურების მიერ არის გაცემული. ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ იმ კარგი შედეგების შენარჩუნებას, რომელიც მიღწეულია ექიმების, ექთნების, ეპიდემიოლოგების, მოკავშირე სამსახურების მიერ. ჩვენმა სახელმწიფომ და ჩვენ ყველამ შევძელით ორკვირიანი ვადის მოგება, როდესაც მსოფლიოში ვირუსის გავრცელების ტენდენცია არის მზარდი, საქართველო თითქმის ორი კვირით ჩამორჩება ტენდენციას. მნიშვნელოვანია, რომ მომავალში ჩვენ მივიღოთ ყველა საჭირო ზომა და გავამკაცროთ კონტროლი იმისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ შემთხვევების უკონტროლო და სწრაფი გავრცელება.

მეორე მნიშვნელოვანი თემა, ეს არის ეკონომიკა, სადაც პრემიერმა ისაუბრა იმაზე, რომ არსებობს კონკრეტული გეგმები, მიღებულია კონკრეტული ზომები, გადადგმულია ნაბიჯები, მაგრამ ასევე არის დამუშავებული შემდგომი სცენარები და ის მექანიზმები, რომელიც სახელმწიფომ შეიძლება გამოიყენოს ბიზნესისა და თითოეული დასაქმებულის, ასევე იმ ადამიანების დასახმარებლად, ვინც არ არის დასაქმებული და საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან დამატებით დახმარებას.

მესამე მნიშვნელოვანი თემა არის პოლიტიკური პროცესი და ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს და შეთანხმება არსებობს პოლიტიკურ სპექტრში. აქაც ჩვენ უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად, რომ მომდევნო პერიოდებში ის დროები და ინტერვალები, რაც სჭირდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს, მინიმალურად აისახოს პოლიტიკური და საკანონმდებლო პროცესის კალენდარზე და ჩვენ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შევძლოთ იმ ვალდებულებებისა და პირობების შესრულება, რაზეც პოლიტიკური შეთანხმება არის მიღწეული. ვგულისხმობ საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამისთვის ვადები არის განსაზღვრული და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ პარლამენტი ამ ვადებში ჩაეტიოს”, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხიც განიხილეს და მისი განცხადებით, თუ ამის საჭიროება იქნება, პარლამენტი მხარს დაუჭერს. მან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პანიკას არ აყვნენ და რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს