არჩილ თალაკვაძის განცხადებით, როდესაც იქნება საჭიროება, პარლამენტი მზად არის, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღოს

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, როდესაც იქნება საჭიროება და მთავრობის მოთხოვნა, პარლამენტი მზად არის, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღოს. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მოცემული მომენტისთვის სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რათა საზოგადოება და თითოეული მოქალაქე მაქსიმალურად იყოს დაცული.

„განხილული იყო მთავრობას, პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის ამ სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მექანიზმები. ჩემი მხრივ შემიძლია გითხრათ, რომ პარლამენტის მხრიდან არსებობს სრული მზადყოფნა იმისათვის, რომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, როგორც კი ამის საჭიროება იქნება. შესაბამისად, ამ მომენტისთვის სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რათა ჩვენი საზოგადოება და თითოეული მოქალაქე მაქსიმალურად იყოს დაცული. პანიკა, რა თქმა უნდა, არ არის საჭირო. პანიკა აზიანებს საერთო პროცესს, მაგრამ საჭიროა სიფრთხილე და საჭიროა ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობების ზედმიწევნით შესრულება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ, რომ გამოწვევას ვუპასუხოთ ეფექტურად და თავიდან ავიცილოთ ვირუსის იმ მასშტაბებით გავრცელება, რომელიც შესაძლოა, ჩვენს ეკონომიკას, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და ჩვენი ქვეყნის მომავალს აზიანებდეს. დღეს თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა არის მნიშვნელოვანი. ეს არის ახლა ამოცანა, რომ ექიმებთან, ექთნებთან, ეპიდემიოლოგებთან ერთად ჩვენ, როგორც მოქალაქეებმა შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია და ამით ხელი შევუწყოთ ვირუსის გავრცელების შეკავებას. პანიკის საფუძველი არ არსებობს. ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საზოგადოებაც პატივს სცემს ამ მოცემულობას, ექიმების შრომას და ჩვენ შევძლებთ ერთად ამ გამოწვევას ვუპასუხოთ ძალიან ეფექტურად“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო