დეპუტატებმა ჰააგის სასამართლოში საქართველოს მხრიდან წარსადგენ მოსამართლეობის კანდიდატს გოჩა ლორთქიფანიძეს მხარი დაუჭირეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს მხრიდან წარსადგენ მოსამართლეობის კანდიდატს გოჩა ლორთქიფანიძეს მხარი დაუჭირეს.

ფარული კენჭისყრის შედეგად, კომიტეტზე დამსწრე 9 დეპუტატმა მიიჩნია, რომ გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა შეესაბამება რომის წესდებით დადგენილ მოთხოვნებს. 9-ვე დეპუტატმა ასევე, მხარი დაუჭირა კომიტეტის რეკომენდაციას, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს მხრიდან გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა იყოს წარდგენილი.

კომიტეტის სხდომაზე ასევე, ცნობილი გახდა, რომ მის კანდიდატურას მხარს უჭერს ოპოზიციის ნაწილიც. როგორც სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ მის სახელზე მიმართვა წარადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ დღევანდელ სხდომას არ ესწრებიან, თუმცა, მიუხედავად პოლიტიკური ბოიკოტისა, „ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო ფრაქციები და მასში შემავალი პარლამენტის წევრები მხარს უჭერენ გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურას.

ცნობისათვის, 2020 წლის დეკემბერში „რომის სტატუტის“ წევრი ქვეყნების მე-19 ასამბლეაზე, რომელშიც 123 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მოსამართლეები 6 ვაკანტურ ადგილზე აირჩევიან. მათ შორის, ერთი მოსამართლე აირჩევა აღმოსავლეთ ევროპიდან.

გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა პარლამენტს საქართველოს მთავრობამ წარუდგინა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა გუშინ, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა (87 მომხრე) პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტს, რომლის მიხედვითაც, რეგლამენტს ემატება 208 პრიმა მუხლი, სადაც აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს. კანდიდატურას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე უყრის კენჭს, მანამდე გათვალისწინებულია საკომიტეტო მოსმენები და კანდიდატის რომის წესდების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

კანდიდატი ჰააგაში ასარჩევად წარდგენილი იქნება, თუ კენჭისყრისას მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა