საქართველოს საკარანტინე ზონებში 1600-მდე ადამიანია მოთავსებული, კორონავირუსის ინფექციაზე დღეს კიდევ 100-მდე ნიმუში გაიტესტება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კორონავირუსის ინფექციაზე დაახლოებით 100-მდე ნიმუში გაიტესტება.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერსა და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, 30 იანვრიდან დღემდე 1073 შესაძლო შემთხვევაზეა ტესტი ჩატარებული, მათგან 43 კი ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსული ინფექციაა.

მისივე თქმით, შემთხვევათა უმეტესობა არის იმპორტირებული.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საკარანტინე ზონებში არის 1575 ადამიანი მოთავსებული, თვითიზოლაციიდან გამოვიდა 191, თვითიზოლაციაში კი რჩება 1781 ადამიანი.

„დღევანდელი შეხვედრა მოეწყო პრემიერ-მინისტრთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან, რათა განხილული ყოფილიყო ყველა ის საკითხი, თუ რას აკეთებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით ქვეყანა. შევჯერდით მთელ რიგ საკითხებზე, პრინციპული შეთანხმება გახლავთ ის, რომ დღემდე ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ინფექციის და ეპიდემიის შეკავებასთან დაკავშირებით, არის სწორი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ამ შეკავების მექანიზმების აღსრულებასა და მონიტორინგზე, თუ რამდენად სწორედ ხორციელდება აღსრულება იმისა, რასაც დღეს მთავრობა ადგენს და რა რეკომენდაციებსაც აძლევს მოსახლეობას. მხედველობაში მაქვს სასწავლო პროცესისა და ფრენების შეწყვეტა, მთელი რიგი დაწესებულებების მუშაობის შეჩერება, სავაჭრო დაწესებულებებისა და ა.შ. და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის აღსრულება და მონიტორინგი, რამეთუ ეპიდემიის შეკავების მთავარი მექანიზმი გახლავთ სოციალური დისტანცირება. სოციალური დისტანცირება ექსპერტების მიერ ჩაითვალა, როგორც ყველაზე უფრო მძლავრი მექანიზმი ეპიდემიის შენელებისა და გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით,“- განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკითხი, თუ რა კეთდება ქვეყანაში ეპიდემიის პრევენციის, შეკავების, ტესტირებისა და აქტიური იდენტიფიცირების თვალსაზრისით. მისივე თქმით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვა საქართველოში ეპიდემიის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით.

„გავიარეთ ყველა საკითხი, თუ რა კეთდება ეპიდემიის პრევენციის, შეკავების, ტესტირებისა და აქტიური იდენტიფიცირების თვალსაზრისით. ეს ნაბიჯები, რასაც დღეს ქვეყანა დგამს, რამდენად არის შესაბამისი იმ საერთაშორისო რეკომენდაციებთან, რომლებსაც დღეს დიდი ინსტიტუციები იძლევიან, ეს გახლავთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი; ვისაუბრეთ, თუ როგორ ვითვალისწინებთ ჩვენ ჩინეთის გამოცდილებას, სამხრეთ კორეის გამოცდილებას, რომელიც ასევე წარმატებული მაგალითია, ზოგიერთი ევროპული ქვეყნის პრაქტიკას და შევჯერდით მთელ რიგ საკითხებზე. განვიხილეთ სცენარები, რომელიც შეიმუშავა ჯანდაცვის სექტორმა, ასევე, დამოუკიდებლად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვა ე.წ. მათემატიკური მოდელირების მაგალითების სხვადასხვა ვერსიები ეპიდემიის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში და ამის შესახებ იყო დისკუსია,“- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, აგრეთვე, კორონავირუსის ინფექციის შემთხვევათა სტატისტიკაზე ისაუბრა.

„მსოფლოში, 180 ქვეყანაში არის უკვე დაფიქსირებული კორონავირუსული ინფექციების შემთხვევები. დადასტურებული არის 245 850 შემთხვევა. აქედან კარგია, რომ უკვე გამოჯანმრთელდა და გაეწერა 88 000-მდე ადამიანი, მაგრამ არის ასევე, სამწუხაროდ, 10 000-მდე გარდაცვალების შემთხვევა. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, აბსოლუტურ რიცხვში ყველაზე მეტია ჩინეთში, 80 000, მაგრამ ძალიან სწრაფი ტემპით იმატებს სხვაგან.

როგორც უკვე რამდენჯერმე მოგახსენეთ, ჩინეთში ახალ შემთხვევათა რაოდენობა რადიკალურად არის შემცირებული და განსხვავებით ჩინეთისგან, ჩინეთს გარეთ გვაქვს სერიოზული პანდემია, ანუ ჩინეთს გარეთ არის უკვე შემთხვევათა თითქმის 2/3 და აქედან წამყვანია ევროპა, განსაკუთრებით იტალია 41 000 შემთხვევით, შემდეგ არის ირანი - 18 000, ძალიან მოიმატა ესპანეთში -18 000, ასევე, გერმანიაში - 15 000, იმატებს, აგრეთვე, სერიოზულად, აშშ-ში 14 000, საფრანგეთში და ა.შ.

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, ჩვენ დღევანდელი დილის მონაცემით გვაქვს 43 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. შემთხვევათა უმეტესობა გახლავთ იმპორტირებული. მოგეხსენებათ, გუშინ გვქონდა 40 და დღეს დილით დაემატა 3 შემთხვევა, კვლევაშია კიდევ რამდენიმე ნიმუში და დღეს, ალბათ, კიდევ გაიტესტება, დაახლოებით, 100-მდე ნიმუში. სულ, ქვეყანაში 30 იანვრიდან დღემდე გამოკვლეულია 1073 შესაძლო შემთხვევა და აქედან 43-ში დადასტურდა კორონავირუსული ინფექცია. მნიშვნელოვანია, რომ საკარანტინო ზონებში არის 1575 ადამიანი და, ასევე, იქიდან და თვითიზოლაციიდან უკვე გამოვიდა 191 ადამიანი. თვითიზოლაციაში ჯერ კიდევ იმყოფება 1781 ადამიანი,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულების გაწერის საკითხს, გამყრელიძემ განაცხადა, 3-4 დღეში იქნებიან გამოჯანმრთებული ადამიანები.

"იცით ეს სტანდარტი გაწერასთან დაკავშირებით, რომ 24 საათის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ ადამიანს კორონავირუსზე ტესტი უნდა ჰქონდეს უარყოფითი. არ მინდა, რომ შევცდე, მაგრამ დარწმუნებული იყავით, მომავალ 3-4 დღეში ჩვენ გვეყოლებიან კიდევ გამოჯანმრთელებული ადამიანები", - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა