ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ ტესტირება არ არის პანაცეა,- ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ტესტირება ეპიდაფეთქებას ბოლოს არ მოუღებს, თუმცა კარგი მექანიზმია, რათა კორონავირუსის გავრცელების შენელება მოხდეს.
„ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ ტესტირება არ არის პანაცეა. ამ ბოლო დროს ასეთი წარმოდგენა გაჩნდა ამასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ტესტირება ბოლოს მოუღებს ეპიდაფეთქებას ქვეყანაში. არა, მაგრამ ტესტირება არის ერთ-ერთი კარგი ინსტრუმენტი, რომლითაც მოხერხდება დაავადების შეკავება, შენელება გავრცელების. მაგრამ ტესტირების გეგმა, რა ჯგუფებს ჩაუტარდება პირველ რიგში, ამ ყველაფერზე ვიმსჯელეთ და ეს არის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს, ჯანდაცვის სამინისტოს თემა. ამასთან დაკავშირებით ჩამოწერილია კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმა. რეკომენდაციად კვლავ რჩება იზოლირება, ფიზიკური დისტანცირება და სოციალური სოლიდარობა.
ტესტირება ეხმარება იმას, რომ გამოვავლინოთ ის ადამიანები, ვინც პირველ რიგში უნდა მოხვდეს კარანტინში, ჩავთვალოთ, რომ ყველა ვართ რისკის ქვეშ და ყველა უნდა ვიყოთ იზოლაციასა და კარანტინში, ესაა ტესტირების ძირითადი არსი. მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ ეს შეგვმატებს რამე ახალს, იმის გარდა, რაც დღეს არის. შეჩერების მთავარ მექანიზმად რჩება იზოლაცია“,- განაცხადა ზოიძემ.