„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე მმართველ გუნდს მოუწოდებს, დაუკავშირდნენ უკრაინის ხელისუფლებას, რათა თვითმფრინავით, რომლითაც ხვალ ჩინეთიდან უკრაინისთვის დიაგნოსტირების საშუალებები უნდა წამოიღონ, საჭირო ინვენტარი საქართველოსთვისაც ჩამოიტანონ.
ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ხელისუფლებას ასევე სთხოვა, კერძო ლაბორატორიებზე რეგულაციები მოიხსნას, ისევე როგორც ეს აშშ-ში გააკეთეს.
„მსოფლიოში ვირუსთან ბრძოლის ორი სტრატეგიაა. პირველი, ეს არის იტალიის გზა, რომელმაც დააგვიანა დიაგნოსტირების კუთხით და ამის გამო მოედო მთლიანად ეს ვირუსი ყველას. პირველი გავრცელების წყარო იყო სამედიცინო დაწესებულებები, სადაც ძალიან ბევრი სავარაუდო ინფიცირების მქონე პაციენტი შევიდა და ნამდვილად არ გვინდა, რომ საქართველოშიც ეს მოხდეს. მეორე გზა, ეს არის მაგალითად, სამხრეთ კორეის გზა, რომელმაც აირჩია სწრაფი ტესტირებისა და დიაგნოსტირების გზა. ერთ თვეზე მეტია ქვეყანაში გვაქვს ეს პრობლემა და ფაქტია, რომ დღემდე არ გვაქვს სწრაფი დიაგნოსტირების შესაძლებლობა. იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ეს ყველაფერი აუცილებელია, გადავიდეთ სწრაფ დიაგნოსტირებაზე.
ხვალ, დილით 11:00 საათზე უკრაინიდან სატვირთო თვითმფრინავი მიფრინავს ჩინეთში, რომელმაც უკრაინისთვის უნდ ჩამოიტანოს ტესტები, დიაგნოსტირების საშუალებები, აპარატურა და აბსოლუტურად ყველაფერი. მეც შემიძია ჩავერთო, თქვენც შეგიძლიათ დაუკაშირდეთ უკრაინის მთავრობას და ნამდვილად არ დაგვზარდებიან, რომ ამ თვითმფრინავში ჩაიდოს ჩვენთვისაც დიაგნოსტირების საშუალებები. ამას გარდა, გთხოვთ, მოხსენით რეგულაციები კერძო ლაბორატორიებზე, როგორც ეს გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. აშშ-მა მოხსნა ყველა რეგულაცია და თქვა, რომ ვინც დაიწყებთ ტესტების გამოყენებას, უბრალოდ შეგვატყობინეთ ამის შესახებ, რომ გვქონდეს ინფორმაცია და ვიცოდეთ, სად ხდება ამ ყველაფრის გამოყენება“,- განაცხადა ვაშაძემ.
ამას გარდა, ვაშაძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის იმ განცხადებას უპასუხა, სადაც გამყრელიძე ამბობს, რომ „თუ გიორგი ვაშაძეს შეუძლია დაგვეხმაროს და ტესტები ჰუმანიტარული წესით გადასცეს ქვეყანას, ამაზე მხოლოდ მადლობელი ვიქნებით“.
„50 ტესტი გამოწერილი მაქვს, უბრალოდ DHL-ით მოდის და გაჩერებულია ჩამოსვლის პროცესი, მაგრამ 50 ტესტი რას უშველის ხალხს?
მოვიდეს და გვაჩუქოს ტესტებიო, რომ ამბობენ, მილიონი ტესტი მე საიდან უნდა ვაჩუქო? 50 ცალი თუ ჩამოვიდა DHL-ით, კი, ბატონო, გადავცემ“,- განაცხადა ვაშაძემ.