„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” - ოკუპირებულ ტერიტორიებზე პანდემიასთან გასამკლავებლად, აუცილებელია უფრო ეფექტიანი მუშაობა

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, პანდემიის პირობებში ოკუპირებულ რეგიონებში ვითარება კრიტიკულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, გალის და ახალგორის კლინიკებს დღემდე არ გააჩნიათ როგორც COVID-19 ინფექციის დიაგნოსტიკის, ასევე პირველადი აუცილებლობის სადეზინფექციო საშუალებები.

ასევე, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” ინფორმაციით, გალის ცენტრალური საავადმყოფოს პერსონალს ვირუსთან გამკლავების შესახებ დღემდე არანაირი რეკომენდაცია ან რაიმე სახის აღჭურვილობა არ მიუღია.

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის დე-ფაქტო უწყებამ პანდემიის პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიიღო ორი ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოსა და ტუბ დისპანსერში გადაანაწილა, სადაც სამომავლოდ COVID-19 ინფექცია დადგენილი პაციენტების მკურნალობას გეგმავს, თუმცა განცხადებაში არაფერია ნათქვამი გალის რაიონულ საავადმყოფოზე და მის პერსონალზე, რომელიც დაახლოებით 25000 ადამიანს ემსახურება. ის თავის მხრივ საჭიროებს, როგორც სამედიცინო აპარატურულ განახლებას, ასევე გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო საშუალებებით მომარაგებას, რათა მოხერხდეს ადგილზე სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევების და პაციენტებისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციით, გალის ცენტრალური საავადმყოფოს პერსონალს ვირუსთან გამკლავების შესახებ დღემდე არანაირი რეკომენდაცია ან რაიმე სახის აღჭურვილობა არ მიუღია, ასევე არც მომართვიანობით ან ეპიდემიოლოგიური სტატისტიკით დაინტერესებულან.

მეორე მხრივ, საგანგაშოა, რომ გალის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობის უმეტესობას დოკუმენტებთან დაკავშირებით პრობლემები გააჩნია. რაც იმას ნიშნავს, რომ COVID-19 სიმპტომების დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელია, ისინი სოხუმის კლინიკებმა ვერ მიიღონ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის პირობებში, სამედიცინო საჭიროების მქონე პირები ვერც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შეძლებენ გადმოსვლას, ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია გალის საავადმყოფოს პანდემიასთან ბრძოლისთვის საჭირო სამედიცინო ინვენტარით უზრუნველყოფა.

მსგავსი ვითარებაა ოკუპირებულ ახალგორში, სადაც ბოლო ინფორმაციით, საკარანტინო ზონაში ხუთი პაციენტია მოთავსებული. მათ შორის, ერთი პაციენტი ახალგორის საავადმყოფოს სამშობიაროს ბოქსირებულ განყოფილებაში, სადაც საკარანტინო სივრცე შვიდ პაციენტზეა მოწყობილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, არც საავადმყოფოში და არც კონკრეტულად ბოქსირებულ პალატაში არ ხდება სანიტარული ნორმების დაცვა; საავადმყოფოში ამ დრომდე არ ჩატარებულა სადეზინფექციო სამუშაოები; სამედიცინო პერსონალი, რომელსაც განთავსებულ პაციენტთან აქვს კონტაქტი, პირბადეების და სპეციალური ეკიპირების გარეშე გადაადგილდება. მათ ამ დრომდე არ გააჩნიათ ანტიბაქტერიული, სადეზინფექციო და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი საშუალებები.

ორგანიზაცია მიესალმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს „ჩვენი მოსახლეობის მიტოვებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მსოფლიო პანდემიასთან გამკლავებისას“ და ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, ყველა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარკვეული საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული სირთულეების გათვალისწინებით, პანდემიის პირობებში ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გასამარტივებლად, აუცილებელია უფრო ეფექტიანი მუშაობა დახმარების გზავნილის დე ფაქტო უწყებებთან მისატანად. გარდა ამისა, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად მნიშვნელოვანია დამატებითი მექანიზმების შემუშავება, მათ შორის, გალის და ახალგორის კლინიკების პანდემიასთან ბრძოლისთვის საჭირო საშუალებებით უზრუნველსაყოფად ყველა არსებული რესურსის და საკომუნიკაციო არხის გამოყენება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო