გრიგოლ ვაშაძე - საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ საკონსულოებში ზარებს არაფერი მოაქვს, რადგან ვერ იღებენ პასუხს

საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ საკონსულოებში ზარებს არაფერი მოაქვს, რადგან ვერ იღებენ პასუხს. თხოვნა გვაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მაქსიმალური გააკეთეთ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძის თქმითვე, მისი პარტია ანტიკრიზისულ-ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს.

„უამრავი ჩვენი თანამოქალაქე არის გაჩხერილი უცხო ქვეყნებში და ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას. მათი უმრავლესობა არის არაკვალიფიციურ სამუშაოზე. არავითარი შემოსავლის წყარო არ აქვთ. ბინის ქირას ვერ იხდიან, ბევრი გარეთაა დარჩენილი. ბოლოს შემოვიდა ზარი, რომ 22 სტუდენტია გერმანიაში და ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას. ჩვენი მოქალაქეები ამტკიცებენ, მე ამის შემოწმების საშუალება არ მაქვს, რომ საკონსულოებში ზარებს არაფერი მოაქვს, რადგან ვერ და არ ღებულობენ პასუხს. თხოვნა გვაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ, მაქსიმალური გააკეთეთ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ და ვიცი, რომ საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს ამის შესაძლებლობა აქვს, ამ მძიმე პერიოდში შეასრულოს თავისი მოვალეობა თანამოქალაქეების წინააღმდეგ.

ხაზგასასმელია ის ინიციატივა, რომელიც საქართველოს ავიახაზებმა გამოიჩინა, მათ გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ჩარტერული რეისები დაგეგმონ და ევროპის რამდენიმე დედაქალაქში ჩვენი მოქალაქეები შეაგროვონ და გადმოიყვანონ სამშობლოში. ეს არის სასწრაფოდ გასაკეთებელი. ახლა ვინც ევროპაშია ჩარჩენილი, არ აქვს თანხა, რომ ან კომერციული ფასით იყიდონ ბილეთი ან შეღავათიანი ფასით.

ამასთან, ჩვენი პარტია მუშაობს ანტიკრიზისულ-ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელსაც მალე წარვუდგენთ საზოგადოებას და შემდეგ ნაბიჯებზე, რომელიც არის გასატარებელი იმისთვის, რომ ყველაზე მოწყვლადი ფენები საზოგადოების, არ იყვნენ დარჩენილი მარტო კრიზისის წინააღმდეგ“,- განაცხადა ვაშაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს