„ჯორჯიან ეარვეისმა“ თანამშრომლების 95%-ის უხელფასო შვებულებაში გაშვების შესახებ გადაწყვეტილება შეაჩერა

„ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორის რომან ბოკერიას განცხადებით, ავიაკომპანიამ თანამშრომლების 95%-ის უხელფასო შვებულებაში გაშვების შესახებ გადაწყვეტილება შეაჩერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" რომან ბოკერიამ განუცხადა, ამ ეტაპზე ავიაკომპანია ანაზღაურებად შვებულებაში უშვებს იმ თანამშრომლებს, ვისაც ეს ზაფხულის ან ზამთრის განმავლობაში ჰქონდათ დაგეგმილი.

„მაქსიმალურად შევეცდებით უხელფასო შვებულებაში თანამშრომლების გაშვებას თავი ავარიდოთ და ამას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მივმართავთ. მენეჯმენტი პრაქტიკულად ხელფასის მიღების გარეშე ვმუშაობთ", - აცხადებს ბოკერია.

კითხვაზე, რატომ შეცვალა „ჯორჯიან ეარვეისმა" თანამშრომლების 95%-ის უხელფასო შვებულებაში გაშვების გადაწყვეტილება, რაც დღეს გააჟღერა, კომპანიის დირექტორი განმარტავს, რომ თანამშრომლების ხელფასის გადახდა მთავრობის მიერ დაფინანსებული ჩარტერული რეისებიდან მიღებული თანხებით მოხდება.

„მთავრობა ფინანსურად ხელფასებთან დაკავშირებით არ ჩაერევა, მაგრამ ჩარტერებიდან მიღებულ თანხებს გამოვიყენებთ ხელფასის დასაფარად“, - აცხადებს ბოკერია.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ზუსტდება ჩარტერების მიმართულება და თარიღები. ამასთან, უწყებამ უნდა მოახდინოს ქვეყანაში დაბრუნების მსურველთა ორგანიზება.

ამასთან, ბოკერიას თქმით, რეისებს მთავრობა დააფინანსებს და ბილეთები უფასო იქნება.

„საუბარი მიდის ვენაზე, ამსტერდამზე, პარიზზე, ბერლინზე, რომსა და ბარსელონაზე. უბრალოდ თარიღები უნდა გვითხრან. ჩარტერული რეისები მთავრობამ უნდა დააფინანსოს, შესაბამისად არ ვყიდით რეისებს. მზად ვართ ჩარტერული რეისები შევასრულოთ",- აცხადებს „ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორი.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და მხოლოდ ჩარტერული რეისები შესრულდება საქართველოს მოქალაქეების სხვადასხვა ქვეყნებიდან დასაბრუნებლად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა