მამუკა ხაზარაძე - დღეს ორი უმთავრესი ამოცანაა გადასაწყვეტი - უნდა დავამარცხოთ ეპიდემია და გვერდით დავუდგეთ ადამიანებს, განსაკუთრებით მოხუცებს, ბავშვებს, სოციალურად დაუცველებს

დღეს ორი უმთავრესი ამოცანაა გადასაწყვეტი - უნდა დავამარცხოთ ეპიდემია და გვერდით დავუდგეთ ადამიანებს, განსაკუთრებით მოხუცებს, ბავშვებს, სოციალურად დაუცველებს, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„დღეს საქართველოს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეს არის ის, რასაც პოლიტიკური გაერთიანება „ლელო" ერთი კვირის წინ მოუწოდებდა მთავრობას. კარგია, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, თუმცა ეს ნეგატიურად იმოქმედებს ჩვენს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკაზე. უამრავი ადამიანი დარჩა და დარჩება სამსახურის და შემოსავლის გარეშე.

დღეს ორი უმთავრესი ამოცანაა გადასაწყვეტი - უნდა დავამარცხოთ ეპიდემია და გვერდით დავუდგეთ ადამიანებს, განსაკუთრებით მოხუცებს, ბავშვებს, სოციალურად დაუცველებს.

ახლა, როგორც არასდროს, გვმართებს ერთიანობა. „ლელო" მოუწოდებს ყველა ძალას რესურსისა და გამოცდილების გაერთიანებისკენ. ჩვენი პარტია მზადაა, ამ გამოწვევაში თავისი წვლილი შეიტანოს მთავრობასთან და სხვა პარტიებთან ერთად.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შედეგად თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებების დაცვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და კრიტიკული იქნება. თუმცა, ამავე დროს, ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობა ამ ვითარებაში ასმაგად მნიშვნელოვანია.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოს კონსტიტუციით შეუზღუდავი მოქმედების საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, რომელმაც უნდა მართოს ეს კრიზისი.

რამდენად მზად არის დღევანდელი მთავრობა ამ კრიზისთან გასამკლავებლად, პროგნოზების გაკეთება ჯერ ნაადრევია. თუმცა ჩვენ, პოლიტიკური გაერთიანება "ლელო" ჯერ კიდევ გასულ კვირას მოვუწოდებდით საქართველოს ხელისუფლებას, შეექმნა ოპოზიციის და მმართველი პარტიისგან დაკომპლექტებული, ანტიკრიზისული საკოორდინაციო საბჭო, რომელიც იქნებოდა დემოკრატიის დამზღვევი მექანიზმი და კოორდინირებულად, შეთანხმებულად იმუშავებდა იმ გამოწვევების გასამკლავებლად, რომელიც ახლა ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისა და გაერთიანებისკენ. ჩვენი ქვეყანა ამ ბრძოლაში გამარჯვებული გამოვა!’’ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო