არჩილ თალაკვაძე - თუ საჭირო იქნება საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელება, რა თქმა უნდა, პარლამენტი ამაზე იმსჯელებს და ვადის გაგრძელებაზე მთავრობას მომავალშიც მხარდაჭერა ექნება

თუ საჭირო იქნება საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელება, რა თქმა უნდა, პარლამენტი ამაზე იმსჯელებს და ვადის გაგრძელებაზე მთავრობას მომავალშიც მხარდაჭერა ექნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუოროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა დეპუტატ ლევან კობერიძის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ ბიუროს ხდომაზე აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება კონკრეტული ვადით არ ხდება, ახლა კი კონკრეტული ვადაა მითითებული.

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება კონკრეტული ვადით არ ხდება. ამის უფლებამოსილება არავის აქვს, იმიტომ, რომ საგანგებო ცხადდება უბრალოდ და როდესაც საჭირო ხდება, მერე უქმდება. პრემიერის გამოსვლაში აღნიშნული იყო, რომ ერთი თვით ცხადდება საგანგებო მდგომარეობა. ეს ერთი თვე ბევრ მნიშვნელოვან თარიღს ემთხვევა, ძალიან ბევრ კითხვას იწვევს. თუ შეიძლება განმარტოთ, მაშინ, როდესაც ამის არც ვალდებულება არსებობდა და არც კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ რაღაც ვადით გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, ეს რა იყო?! შეცდომაა, ლაფსუსია, რაღაც მიზანმიმართული ნაბიჯია, თუ რას უკავშირდება ?! ვიმეორებ, ვადით საგანგებო მდგომარეობა არ ცხადდება“, - განაცხადა ლევან კობერიძემ და დასძინა, რომ ვიდრე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განაცხადებდა საგანგებო მდგომარეობის შესახებ კონკრეტულ ვადას, მანამდე ამის შესახებ პრემიერმა განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ უპასუხა, რომ პრემიერს დაუსვეს კითხვა, თუ რა ვადით ფიქრობს ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას.

„მან, როგორც პოლიტიკოსმა, მთავრობის ხელმძღვანელმა ამ კითხვას უპასუხა, მაგრამ თვითონ ეს თარიღი განსაზღვრულია პრეზიდენტის მიერ მოწოდებულ კორესპონდენციაში, ეს ერთი. მეორე - ეწინააღმდეგება თუ არა ვადის გამოცხადება ან კონსტიტუციას ან კანონმდებლობას არა, არ ეწინააღმდეგება. ამას ადგენს პრაქტიკა, ყველა წინა შემთხვევაში და წინა ხელისუფლების დროს პრაქტიკა იყო, რომ ვადით აცხადებდა საგანგებო მდგომარეობას. ახლა ჩვენ ვიმსჯელეთ, იყო თუ არა საჭირო ვადის განსაზღვრა. მის უკან ორი განსხვავებული ლოგიკური არგუმენტი დგას.

პირველი არგუმენტი არის ის, რომ ჩვენ გამოვაცხადოთ ვადით საგანგებო მდგომარეობა, რომ იყოს ყველა ჩვენი მოქალაქისთვის - კერძო და საჯარო სექტორებისთვის პროგნოზირებადი, რამდენ ხანში, რა ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს ხელისუფლება და თუ საჭირო იქნება ამ ვადის გაგრძელება, კვლავ პარლამენტმა იმსჯელოს და მისცეს უფლება მთავრობას, რომ გააგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა.

მეორე ლოგიკა იყო, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს უვადოდ და პარლამენტმა შემდეგ განიხილოს, თუ საჭირო იქნება, როდის იქნება საჭირო საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტა. როგორც ჩანს, კონსულტაციებით შეჯერებული იყო ის ვერსია, რომ შემოთავაზებული არის ვადა. მე პირადად, ჩემი სუბიექტური აზრი თუ გაინტერესებთ, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, პროგნოზირებადობის ფაქტორს თუ შევხედავთ, ვადის მითითება ყველასთვის უფრო მშვიდი სცენარია. თუმცა, აქ გარკვევით ვამბობ, რომ თუ საჭირო იქნება ამ ვადის გაგრძელება და მე ყველანაირად იმედს ვიტოვებ, რომ არ დაგვჭირდება, თუმცა რა თქმა უნდა, ამის ალბათობას ბოლომდე ვერ გამოვრიცხავთ, რა თქმა უნდა, პარლამენტი ამაზე იმსჯელებს და ვადის გაგრძელებაზე მთავრობას მომავალშიც მხარდაჭერა ექნება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა